საქართველოს მიერ მარტში უარყოფილ კრემლისგან შთაგონებულ და ამერიკულ კანონს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს- კელი დეგნანი

ჩემი აზრით, ეს შეკითხვა გვაბრუნებს იმ განსხვავებასთან, რომელიც არსებობს კრემლისგან შთაგონებულ და ამერიკულ კანონს შორის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, FARA-ს დოკუმენტებიდან გამომდინარე, რა იყო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ლობისტური საქმიანობის შედეგი.

ელჩის თქმით, კრემლისგან შთაგონებული კანონი მიმართული იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს სასარგებლოდ მუშაობენ.

“ჩემი აზრით, ეს შეკითხვა გვაბრუნებს იმ განსხვავებასთან, რომელიც არსებობს საქართველოს მიერ მარტში უარყოფილ კრემლისგან შთაგონებულ კანონსა და ამერიკულ კანონს შორის. კრემლისგან შთაგონებული კანონი მიმართული იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს სასარგებლოდ მუშაობენ. ამერიკული კანონი კი, ფოკუსირებულია იურიდიულ ფირმებსა და ლობისტებზე, რომლებიც დაქირავებულები არიან უცხოელების მიერ, რათა მათ სასარგებლოდ იმუშაონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ჩემი აზრით, ჩვენ ვხედავთ რუსული სტილის კანონის შედეგს, რომელმაც ჩაახშო არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც კარგ სამუშაოს ასრულებდნენ რუსეთში. ახლა მათ უმრავლესობას დახურვა ან გაქცევა უწევთ. სწორედ ამაზე იყო ფოკუსირებული ქართული კანონიც, რომელიც უარყვეს მარტში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქართული კანონმდებლობით უკვე ხელმისაწვდომია დიდი გამჭვირვალობა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას საქმიანობენ დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქ, ხელმისაწვდომია, ვინმეს თუ ნამდვილად სურს ამის მოძებნა. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ეხება გამჭვირვალობას, ის უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში“, – განაცხადა დეგნანმა.