ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში აქტიური მუშაობის ნაცვლად, ყველაფერს აკეთებს ევროსკეპტიციზმის გაღვივებისთვის – ხატია დეკანოიძე

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა ძალიან რთულია – საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში აქტიური მუშაობის ნაცვლად, ყველაფერს აკეთებს ქვეყნის შიგნით ევროსკეპტიციზმის გაღვივებისთვის, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

„შარლ მიშელის განცხადება, მანამდე ძალიან ბევრი ევროპელი პოლიტიკური ლიდერის განცხადება მოწმობს იმას, რომ შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ეს არის, პირველ რიგში, უკრაინის თავგანწირვა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, რომელიც დიდი ხანია ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღას ელოდება, ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა, რაც იმას გულისხმობს, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკება უნდა დაიწყოს და გაფართოების ახალ ტალღაში მოვყვეთ, რაც რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრა იქნება. დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა საქართველოს საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. ეს არის ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რაც, სამწუხაროდ, არ სრულდება და რომლის შესრულების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მოლდოვა და უკრაინა ალბათ მიიღებენ მიწვევას გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. გვაქვს ძალიან მძიმე მოცემულობა – ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს, მაგრამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე ვერ მოგვცემს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მისია შესასრულებელი გვაქვს 2024 წლისათვის – იმისთვის, რომ გაფართოების ახალ ტალღაში მოვყვეთ, აუცილებელია ჩატარდეს არჩევნები, ხელისუფლება არჩევნების შედეგად შეიცვალოს და ხელისუფლებაში დემოკრატიული, პროდასავლური ძალები მოვიდნენ, ვინც ყველა იმ რეფორმას გაატარებს, რაც აუცილებელია გაფართოების ტალღისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერც ერთ ტალღას ჩვენ ვერ დავეწევით, რადგან რეფორმები და გაფართოებისთვის მუშაობა ხელისუფლების მიზანი არ არის”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.