უკრაინელებმა სამხრეთით ვერბოვეს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ნოვოდანილოვკა-ვერბოვოს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„თავდაცვის ძალებმა ნოვოდანილოვკა-ვერბოვოს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს, მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან და მტრის იდენტიფიცირებულ სამიზნეებს არტილერიით საცეცხლე ზიანს აყენებენ“, – აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის ავდიივკასა და მარინკას რაიონებში.

გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალები პირადი შემადგენლობის, იარაღისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან, ქვედანაყოფებისა და საჯარისო ნაწილების გადაადგილებას ახორციელებენ და აქტიურად იყენებს რეზერვებს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით.