იმის გათვალისწინებით, რომ თანამდებობის პირის იმპიჩმენტით გადაყენება ფარულია, სპეკულაციების გამოსარიცხად, ჩვენი ინიციატივაა, ოპოზიცია დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს – ანა წითლიძე

იმის გათვალისწინებით, რომ თანამდებობის პირის იმპიჩმენტით გადაყენება ფარულია, სპეკულაციები რომ გამოირიცხოს, ჩვენი ინიციატივაა, ოპოზიცია დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

“ქართული ოცნებისგან” გამორიცხული არ არის არაფერი, ჩვენ გვინახავს, რა შეუძლია „ქართულ ოცნებას” ამ მიმართულებით. შეუძლია ყველანაირი სიბინძურე: დაშინება, შანტაჟი, მათ შორის, პირადი კადრებით, მოსყიდვა და გვინახავს ბევრი ასეთი ფაქტი. ცხადია, ახლაც იზამენ ყველაფერს, უბრალოდ აქ ისრების გადატანა პოლიტიკური პარტიების მხრიდან მგონია, რომ სწორი არაა, რადგან ამისგან დაზღვეული არავინ არის, მაგალითად, გახარიას რამდენი საკრებულოს წევრი ჩაუხსნეს რეგიონებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში?! რამდენი გავიდა საკრებულოდან შანტაჟით, მუქარით, ამას თავი დავანებოთ, აგერ პარლამენტის წევრი ისე წავიდა, ვერავინ გაიგო ამის ნამდვილი მიზეზი. „ნაციონალურ მოძრაობას” ამასთან დაკავშირებით აქვს თავის გაცხადებული პოზიცია, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ. მეტიც, ინიციატივა გვაქვს, სპეკულაციები რომ მორჩეს, კენჭისყრამდე რომ მივა საკითხი, იცით, რომ იმპიჩმენტი არის ფარული, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმის მიცემის შემდეგ შეუძლებელი იქნება იმ ადამიანების სიის ამოღება ვინც ხმა მისცა, სხდომათა დარბაზში არ შევიდეს არც ერთი ოპოზიციონერი, ამით გამოირიცხება ნებისმიერი სპეკულაცია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.