გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ არ ჩამოყალიბდნენ როგორც „ზონდერჯგუფი“ – ვერც თაკო ჩარკვიანმა მიაღწია იმას, რომ ხალხი ლეიბებით გამოცვივდეს და რუსთაველზე გაწვეს

„ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნონ და არ ჩამოყალიბდნენ როგორც „ზონდერჯგუფი“, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ფიქრობენ. ვერც თაკო ჩარკვიანმა მიაღწია იმას, რომ ხალხი ლეიბებით გამოცვივდეს და რუსთაველზე გაწვეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ის არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, რომ მან პროცესი მიაძინა.

„საზოგადოების ანტიპატია გაჩნდა იმ პროცესის მიმართ, რომელიც ქართულ საზოგადოებასა და ქართულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კარნახობს, საომარ მოქმედებებში ჩაერთოს და საქართველოში ცეცხლის ალი გადმოიტანოს, მიიღოს ეკონომიკური თვითდაზიანება და დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. ეს აშკარაა – ვერც თაკო ჩარკვიანმა მიაღწია იმას, რომ ხალხი ლეიბებით გამოცვივდეს და რუსთაველზე გაწვეს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.