სომხეთი აზერბაიჯანელ სამხედროებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიქის პროვინციაში საზღვართან სომხეთის სამხედრო პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„14 სექტემბერს, დაახლოებით, 22:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სომხეთის სამხედრო პუნქტებს ვერინ შორჟას (გეღარქუნიქის პროვინცია) მიმდებარედ ცეცხლი გაუხსნეს,“ – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აზერბაიჯანული მხარე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნას უარყოფს და სიცრუეს უწოდებს.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა იუხარი შორზას დასახლების მიმართულებით განლაგებული სომხური შეიარაღებული ძალების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, სრული სიცრუეა”, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.