პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა,- ამის შესახებ განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები, ყოველგვარი სპეკულაციები, იმისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყოს მტკიცე, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში, მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად ისახავს მიზნად იმას, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა პოლიტიკური საბჭოს მიერ“,– განაცხადა თინა ბოკუჩავამ.