სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების მიზეზი იყო სებ-თან დაკავშირებული ცვლილებები – მიხეილ სარჯველაძე

სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების მიზეზი იყო სებ-თან დაკავშირებული ცვლილებები – ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ სწრაფად აღდგება ურთიერთობები სავალუტო ფონდთან, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას და თუ არ მეშლება, ამაზე საჯარო სივრცეშიც ითქვა, რომ მიზეზი სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებისა, მდგომარეობდა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაში, ოღონდ იქ არ თქმულა, რომ ეს გინდა თუ არა, ცუდი ცვლილებებია ან კარგი ცვლილებებია. იქ ითქვა იმის თაობაზე, რომ უნდა შედგეს კონსულტაციები, მეტი ინფორმაცია დასჭირდებათ პარტნიორებს და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. მე არ მგონია, რომ ის ცვლილებები, რომელიც გატარდა, რაიმე ფორმით იძლეოდეს საფუძველს ასეთი ურთიერთობების შეწყვეტისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ძალიან სწრაფად ურთიერთობები აღდგება.

ის, რომ შეთანხმებას მოითხოვს და კონსულტაციას (სავალუტო ფონდთან), როცა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებზე გვაქვს საუბარი კანონმდებლობაში, ეს არის სწორედ პირობა, რის გამოც ეს საფინანსო ინსტიტუტი ფიქრობს, რომ მისი პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი. რაკი კანონმდებლობაში იმხანად ცვლილებები შევიდა, როგორც ჩანს, გაუჩნდათ საჭიროება შეესწავლათ ეს საკითხი და ჩამოეყალიბებინათ პოზიცია, ეს წაადგება თუ ხელს შეუშლის ეროვნული ბანკის მმართველობის უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებას. მე ნამდვილად არ მაქვს მიზეზი ვთქვა, რომ სებ- ის ფუნქციონირების ხარისხი იმ ცვლილებების შედეგად შემცირებულია. პირიქით, გაცილებით მეტი რისკის ფაქტორი არის დაზღვეული”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.