კობახიძე თავს იგიჟიანებს გამომდინარე პრინციპიდან: “გიჟი თავისუფალია“ – ბადრი ჯაფარიძე

კობახიძეს ან ჰალუცინაციები აქვს და საჭიროებს შესაბამის კონსულტაციებს ან თავს იგიჟიანებს, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას მან და მისმა პარტიამ ევროკავშირის კითხვარის სწრაფად და სწორად შევსებაზე, – ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, „ოპოზიციის ნაწილი ბაკურიანში იყო შეკრებილი, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ, გადატრიალება როგორ უნდა მოაწყონ“

„ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის მიწვევით ჩატარებულ “ვორკშოფზე” ბაკურიანში თურმე, ქვეყანაში ამბოხს ვამზადებდით, ამ განცხადების უკან შესაძლოა იყოს ორი მიზეზი, პირველი – ან ჰალუცინაციები აქვს კობახიძეს და საჭიროებს შესაბამის კონსულტაციებს, ან თავს იგიჟიანებს, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნან მან და მისმა პარტიამ ევროკავშირის კითხვარის სწრაფად და სწორად შევსებაზე გამომდინარე პრინციპიდან “გიჟი თავისუფალია”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე, რომლის კომენტარსაც “ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილი ბაკურიანში იყო შეკრებილი, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ და გადატრიალება როგორ უნდა მოაწყონ.