,,ბევრ კოლეგას შეუძლია მიბაძოს მას, მისგან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება” – თინა კანდელაკი რამზან კადიროვზე

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის უკრაინის „მოვლენების“ აბსოლუტური ჰედლაინერი გახდა.

თინა კანდელაკი ამბობს, რომ ბევრისგან განსხვავებით კადიროვი სოციალურ ქსელებში თავდაჯერებულად შემოვიდა და „მაშინვე მიხვდა, რომ ეს იყო თანამედროვე ბრძოლის ველი.“

„ბევრი წელია მეკითხებიან, ჩართული ვარ თუ არა რამზან კადიროვის სოციალური ქსელების მართვაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა“, – ამბობს კანდელაკი.

მისივე თქმით, 24 თებერვლის შემდეგ კადიროვის ტელეგრამ არხის მომხმარებელთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური გახდა აბსოლუტური ჰედლაინერი მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში. ბევრ კოლეგას შეუძლია მიჰბაძოს მას, მისგან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება, მისი რეპორტაჟები გაცილებით საინტერესო და ცოცხალია, ვიდრე ტელევიზიების მიერ ადგილზე მომზადებული მასალები“, – აცხადებს თინა კანდელაკი.