“ეს რეჟიმი მარტოს გვტოვებს იზოლირებულს რუსეთის პირისპირ და უადვილებს მათ ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

„რატომ უნდა ეხმარებოდეს რუსეთი ჩვენს ხელისუფლებას იმ გზავნილში, რომ ვითომ დალაგდნენ და ომი აღარ იქნება, თუ „ოცნებაა“ სათავეში?! – ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს – ამ მტერს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს.

ეს რეჟიმი მარტოს გვტოვებს იზოლირებულს რუსეთის პირისპირ და უადვილებს მათ ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას, სწორედ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ღალატი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან კითხვაზე, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვიტავს და „ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა“.