“საჭიროა ყველა შემთხვევაში სიფრთხილე იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს „უკრაინიზაცია“, რაც გულისხმობს რევოლუციას, არეულობას, უბედურებას და ფრონტს“ – ირაკლი კობახიძე

 

საჭიროა ყველა შემთხვევაში სიფრთხილე იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს „უკრაინიზაცია“, რაც გულისხმობს რევოლუციას, არეულობას, უბედურებას და ფრონტს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობხიძემ განაცხადა.

მისი  თქმით, ვიღაცები სერიოზულად ემზადებიან რევოლუციისთვის.

„საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. რაც ვიხილეთ ბუნებრივია, არის ძალიან მძიმე და შეგვახსენებს, რომ საჭიროა ყველა შემთხვევაში სიფრთხილე იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს „უკრაინიზაცია“, რაც გულისხმობს რევოლუციას, არეულობას, უბედურებას და ფრონტს“,- აღნიშნა ირაკლი  კობახიძემ.

მან სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ პოზიცია გასაკვირია.

„ჩვენთვის გასაკვირი იყო მათ შორის საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. როცა იდება აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ USAID-ის დაფინანსებით ვიღაცები აქ რევოლუციას ამზადებენ, ამას სჭირდება მკაცრი გამიჯვნა, თუმცა, ჩვენ ასეთი მკაცრი გამიჯვნა ვერ ვიხილეთ. იმედია, ეს პოზიცია გამოსწორდება“, – განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და “მტკიცებულებების ნაწილს” ასაჯაროებს. სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს. სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, უწყების ცნობით, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია.