„საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა“

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მანანა ნაჭყებიაგაზპრომთან ხელმოწერაზე საუბრისას ამბობს, რომ პროდასავლური მიმართულების ადამიანებს აღელვებთ ეს ახალი ხელშეკრულება და შემაშფოთებელია საკითხის ასე დასმა.

-„ხელისუფლებამ არჩევნების წინ მოახერხა ამ საკითხის გვერდის ავლა, ალბათ იმიტომ, რომ არ დაეკარგა რეიტინგი, მაგრამ არცევნების შემდეგ დათმო, თუ დაათმობინეს და დათანხმდა ხელშეკრულების პირობებს. გამიჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. აქ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეთანხმების ფაქტია. „გაზპრომი“ რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშაა და ის ყოველთვის თამაშობს პოლიტიკურ ფიგურას.

აუცილებელია გასაჯაროვდეს ხელშეკრულების ყველა დეტალი და საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს“-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

საარჩევნო წელი დაიწყო, როგორია გარემო და რა პროგნოზებს აკეთებს მანანა ნაჭყებია?

წინასაარჩევნო გარემოზე და სხვა საკითხებზე სასაუბროდ „ახალი  მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს მანანა ნაჭყებიას დავუკავშირდით.

-საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს  უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ  საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში  შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის,  საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.

შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.

მართალია, კვლევები აჩვენებს, რომ 25 პროცენტამდე ამომრჩეველს არჩევანი არ გაუკეთებია, ანუ, არ მოსწონს არც ერთი პოლიტიკური ძალა და ეს შანსია ოპოზიციისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცალ-ცალკე პარტიები ვერ შესძლებენ ამ ნიშის შევსებას,  თუ არ მოხდა მათი კონსოლიდირება. ამიტომ, „ახალი მემარჯვენეები“ აქედანვე ვაცხადებთ, რომ  საჭიროა პოლიტიკური ძალების შესაძლებლობების გაერთიანება, ახალი ენერგიის , ახალი ლიდერების მოზიდვა.  წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა დიდი ხნით გაბატონდება.

 – რას აპირებს “ახალი მემარჯვენეები“, ემზადება თუ არა არჩევნებისთვის და თუ გაქვთ უკვე განსაზღვრული მოქმედების გეგმა, ანუ დამოუკიდებლად მიიღებთ მონაწილეობას თუ ბლოკში?

-უკვე აღვნიშნე, რომ დამოუკიდებლად ჩვენი და ასევე,  სხვა პოლიტიკური ძალების მონაწილეობის შემთხვევაში, შედეგები იქნება სავალალო. გარდუვალია ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა. ამიტომ ჩვენთვის  არჩევნებისთვის მზადება ამ ეტაპზე სავარაუდო პარტნიორების მოძებნას გულისხმობს. ჩვენ არაფერს ვმალავთ და ღიად ვაცხადებთ, რომ თუ გვინდა  ქვეყანა დემოკრატიული გზით განვითარდეს, რაც უპირველეს ყოვლისა, მრავალპარტიულობას გულისხმობს, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დავივიწყოთ ამბიციები და უნდა გავერთიანდეთ. გაკვეთილი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში უკვე მივიღეთ და არ მგონია გონიერი ადამიანები საკუთარ შეცდომებზე მაინც არ სწავლობდნენ და სწორ დასკვნებს არ აკეთებდნენ. ცხადია, პრობლემაა ლიდერი, პრობლემაა ახალი სახეები ოპოზიციაში, მაგრამ საზოგადოებამაც, ბიზნესმაც უნდა გააცნობიერონ, რომ თუ არ მოვლენ პოლიტიკაში, თუ არ დააფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს, ამით ისევ ქვეყანა იზარალებს.

– ახლა როცა ნაციონალური მოძრაობა ამდენ ახალ პარტიად დაიყო, ხომ არ შეუშლის ეს ხელს სხვა ოპოზიციურ პარტიებს?

-ჯერ ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ექსპერტების ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ  ვერც სააკაშვილის და ვერც ე.წ. უგულავას ფრთა ჯამში ვერ შეძლებენ იგივე შედეგი გაიმეორონ, რაც 2016 წლის 8 ოქტომბერს ჰქონდა ნაცმოძრაობას. ვერ გეტყვით ეს ასე იქნება თუ არა, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ეს ორივე ფრთა ხელისუფლებაზე შეტევას და მის კრიტიკას, მის მხილებას გაორმაგებული ძალით მოახდენს. დანარჩენი ოპოზიცია თუ გულხელდაკრეფილი იჯდა, ცხადია კონკურენციას ვერ გაუძლებს. ამიტომ საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა. კონკურენცია მხოლოდ გაგვაძლიერებს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში,  თუ სწორად ვიმოქმედებთ.  მითუმეტეს ჩვენს მოქალაქეებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ბევრი აქვთ.  სამწუხაროდ, ბევრია პრობლემები დემოკრატიის განვითარების სფეროში: სასამართლოში, მედიაში, ხელისუფლების შტოების ბალანსის თვალსაზრისით და ა.შ. ასე რომ ბევრი რამ თვითონ პარლამენტს მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული.

 – საკმაოდ რთული პერიოდია, ლარის კურსის ცვალებადობა, ფასების ზრდა, გაზრდილი უმუშევრობა და შემცირებული კადრები, გართულდა ცხოვრება და ამ ფონზე ცნობილი ხდება, რომ 2017 წლის 20 მაისს, “Aerosmith”-ის კონცერტის გამართვა “ბლექსი არენაზე” საქართველოს ბიუჯეტს 5 500 000 ლარი დაუჯდება! როგორ ფიქრობთ, ახლა ბიუჯეტს აქვს ამის ფუფუნება?

-რამდენადაც მახსოვს აუდიტის სამსახური საუბრობდა ამ სფეროში არსებულ დარღვევებზე. ვგულისხმობ, კულტურის სამინისტროს საქმიანობას ასეთი კონცერტების ჩატარებისას, როცა თანხები ირიცხება იმ კომპანიების ანგარიშზე, რომელთა უკან სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები დგანან. კონცერტები უნდა გაიმართოს. ადამიანებს მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების  დაკმაყოფილება არ ჰყოფნით, მათ სულიერი მოთხოვნილებებიც აქვთ. მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირალე და არ უნდა უკავშირდებოდეს კოლოსალურ თანხებს. მითუმეტეს,  ამდენი სოციალური პრობლემების მქონე ქვეყანაში.

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება