” “ქართული ოცნება” საკუთარი ინტერესებით ჭრის და კერავს კანონებს და არ ადარდებთ მოქალაქეთა ბედი” – დავით კირკიტაძე

“ქართული ოცნება” საკუთარი ინტერესებით ჭრის და კერავს კანონებს და არ ადარდებთ მოქალაქეთა ბედი,- მის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მათი პოზიცია იგივე რჩება და პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ.

თქვენ გახსოვთ ის 4 ღირსეული ადამიანი, რომელთაც თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს რუსულ კანონს, მათგან  დავით სერგეენკოს გარდა, არც ერთი აღარ არის პარლამენტის წევრი, ისინი იძულებული გახადეს დაეტოვებინათ პარლამენტი ან სამუშაო ადგილი შეეცვალათ. ახლა რეგლამენტში ცვლილებებს აპირებენ იმისთვის, რომ ვინმეს კიდევ არ ჰქონდეს ცდუნება, რომ იმპიჩმენტის მავნებლურ პროცესს მხარი არ დაუჭიროს. ჩვენ მომხრე ვართ, ყველა კენჭისყრა ღია იყოს, არც ერთ ეტაპზე არაფერი დასამალი არ გვქონია. ღიაობის და საჯაროობის მომხრე ვართ, თუმცა, წინააღმდეგი ვართ იმ მანკიერი პრაქტიკის, როცა “ქართული ოცნება” საკუთარი ინტერესებით ჭრის და კერავს კანონებს და არ ადარდებთ მოქალაქეთა ბედი, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავენ და ყველა იმ ადამიანის დასჯაზე, რომელიც ქვეყნის მხარეს არის და არ ემსახურება ივანიშვილს,”– განაცხადა კირკიტაძემ.

პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება – ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.