” „ჰამასი“ არის ღაზას „ისლამური სახელმწიფო“, სასტიკი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს ირანი” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა და მათ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ვიდეომასალა წარუდგინა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ. თუმცა არავინ შეცდეს – 2023 წელი 1943 წელი არ არის. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები“, – აღნიშნა გალანტმა.

მისი თქმით, „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც ირანი აფინანსებს.

„ჰამასი“ არის ღაზას „ისლამური სახელმწიფო“, სასტიკი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს ირანი. „ჰამასი“ არის „ისლამური სახელმწიფო“ და ის არ იარსებებს ჩვენს საზღვრებზე. ისრაელის თავდაცვის ძალები გაანადგურებს „ჰამასს“. მივაგნებთ ყველას კვალს, ვისაც ხელები ჩვენი შვილების სისხლით აქვს შეღებილი“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.