“ვისაც არ უნდა შეხვდე, თუ ზურგს ცივილიზებული სამყაროს დასავლური ერთობა გიმაგრებს, შენს ინტერესებს დაიცავ” – ელენე ხოშტარია

ვისაც არ უნდა შეხვდე, თუ ზურგს ცივილიზებული სამყაროს დასავლური ერთობა გიმაგრებს, შენს ინტერესებს დაიცავ. თუ რუსეთის მხარეს ხარ მაშინ, უბრალოდ, შანსი არ გააჩნია ამ ქვეყანას, – ამის შესახებ პარტია „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, „რეგიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა“.

„ზოგადად რეგიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, როგორც ჩვენთან აზერბაიჯანსა და სომხეთთან ურთიერთობაში, ასევე ისრაელში მიმდინარე მოვლენები. მთავარი გასაღები ჩვენი ადგილის მოძებნის, როგორც რეგიონში, ასევე ევროპული უსაფრთხოების სისტემაში, ეს ჩვენს პარტნიორებთან მუდმივ, მჭიდრო კავშირში ყოფნაა. ვხედავთ, რომ სომხეთიც კი, რომელსაც ძალიან ღრმა კავშირები, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით, ჰქონდა რუსეთთან, სხვა ტრაექტორიით მიდის. ამიტომ, ვისაც არ უნდა შეხვდე, თუ ზურგს ცივილიზებული სამყაროს დასავლური ერთობა გიმაგრებს, შენს ინტერესებს დაიცავ. თუ რუსეთის მხარეს ხარ მაშინ, უბრალოდ, შანსი არ გააჩნია ამ ქვეყანას. ამ ვიზიტის შინაარსზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალიევს შევხვდებით, ფაშინიანს თუ რეგიონის და ევროპის სხვადასხვა ლიდერებს, არის რა მომავალს და რა ინტერესებს ემსახურება ეს შეხვედრა. რას იცავს საქართველო”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.