„ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ გვერდიგვერდ ცხოვრებას უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელს აქვს პასუხისმგებლობა, „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმას უპასუხოს, მაგრამ მან მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა უნდა უზრუნველყოს. აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ რეგიონი ვერ დაუბრუნდება თავდასხმამდე არსებულ სტატუს კვოს.

„ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ გვერდიგვერდ ცხოვრებას უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად. არანაირი დაბრუნება იმ სტატუს კვოში, რომელიც იყო 6 ოქტომბერს. ეს ნიშნავს, რომ „ჰამასი“ ვეღარ შეძლებს ისრაელის დატერორებას და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას. ეს ასევე ნიშნავს, რომ როდესაც ეს კრიზისი დასრულდება, უნდა არსებობდეს ხედვა იმის შესახებ, თუ რა მოხდება შემდეგ. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტა და ეს ნიშნავს კონცენტრირებულ ძალისხმევას ყველა მხარისთვის, ისრაელელებისთვის, პალესტინელებისთვის, რეგიონული პარტნიორებისთვის, გლობალური ლიდერებისთვის, რათა დაგვაყენონ მშვიდობის გზაზე“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.