პროკურატურა ცერცვაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც მუდმივ რეჟიმში განახორციელებს კომუნიკაციას უკრაინელ კოლეგებთან და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ განხორციელდეს საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებების დარღვევის რეალური რისკი არსებობს,-პროკურატურა ცერცვაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

 „ამ მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პირადად დაუკავშირდა მის უკრაინელ კოლეგას და მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია გია ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზანშეუწონლობის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის გენერალურ პროკურატურას ასევე გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი დოკუმენტაცია. მსგავსად წინა დღეებისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა დღესაც დაუკავშირდა უკრაინელ კოლეგებს, რათა მიეღო ინფორმაცია გია ცერცვაძის პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის თაობაზე. როგორც უკრაინელმა კოლეგებმა გვაცნობეს, პროცესის გადადება მოხდა იმ მიზეზით, რომ შესაბამისი მასალების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოდან საააპელაციო სასამართლოში დროულად ვერ იქნა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 3 თებერვლისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე არ მომხდარა გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების თუ მის გათავისუფლების საკითხის არსებითი განხილვა და შესაბამისად, ამ საკითხზე კიევის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს მომავალ სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ჩილინგარაშვილმა.

კომენტარის დატოვება