„ბუნკერების დამსუფთავებლადაც წავალ, ოღონდ შვილებს პური ვუყიდო“-სამშვილიანი დედა დასაქმებას ითხოვს!

სააგენტომ წერილი მიიღო. წერილის ავტორი წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები, სამაჩაბლოდან დევნილი, სამი შვილის დედა მანანა ნებიერიძე პაპიტაშვილია.

წერილს უცვლელად გთავაზობთ და იმედს ვიტოვებთ, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ ოჯახის ერთადერთ თხოვნას – დასაქმებას შეძლებს.

-„გამარჯობათ. გწერთ დიდი ბოდიშის მოხდით და იმედით. ვარ სამაჩაბლოდან დევნილი, ვცხოვრობ წეროვანის დევნილთა დასახლებაში, მყავს მეუღლე და სამი შვილი. 10 წლის გოგოს აქვს თირკმელების დაავადება, ექიმმა მითხრა, შესაძლებელია გადანერგვა დასჭირდესო. მაგრამ ახლა ამ ტკივილზე არ გწერთ, ყველა დედა მიხვდება რა საშინებელბაა როცა შვილს რაღაც უჭირს და ვერ ეხმარები. კეთილი ადამიანების დახმარებით ჩემი შვილი დღეს ცოცხალია.

როგორც გითხარით სამი შვილი მყავს. არც მეუღლე და არც მე არ ვმუშაობთ. მეუღლე რომ მუშაობდა, იმედი მაინც მქონდა, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს, ნასვამი ნახეს სამსახურში, თუმცა იმ დღეს მისი მორიგეობა არ იყო და არც მარტო ის იყო ნასვამ მდგომარეობაში, სხვა ყველა ისევ ადგილზეა და მხოლოდ ეს გამოუშვეს. იცით რატომ? გახსოვთ ალბათ, წინა საარჩევნოდ წეროვანში მინისტრები იყვნენ ჩამოსულები, მე დაპირებები შევახსენე და ვთხოვე, იქნებ ახლა მაინც შეგვისრულოთთქო. კალაძე გაზის გადასახადის გადახდას რომ დაგვპირდა, ისიც გავახსენე. აშკარად ძალიან გაბრაზდნენ და სულ მალე ჩემი მეუღლე სამსახურიდან გამოუშვეს. არც სოციალურ დახმარებას ვიღებთ და ვართ ასე კეთილი ადამიანების იმედზე. 11 თვე გაზი არ გვქონდა, ახლა კი ჩაგვირთეს, მაგრამ ვერ ვხმარობთ, მერე გადასახადი რითი გადავიხადოთ?

ჩემს შვილებს არც ტელევიზორი აქვთ და არც კომპიუტერი, მაგრამ ამაზეც არ ვწუწუნებთ, მხოლოდ დასაქმებას ვითხოვთ, არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობთ. მეუღლე იხვეწება სადმე მშენებლობაზე მუშად აყვანას, მაგრამ იქაც თურმე ნაცნობები უნდა გყავდეს, მეც უამრავ ადგილას ვიყავი, ნაგვის ბუნკერების დამსუფთავებლადაც წავალ, ოღონდ ჩემს შვილებს პური ვუყიდო, მაგრამ…

არანაირ დახმარებას არ ვითხოვ, ხელი გვაქვს და ფეხი, ვიმუშავებთ და თავად ვარჩენთ შვილებს, მაგრამ სად ვიმუშავოთ?

გთხოვთ, დასაქმებაში დაგვეხმარეთ, მუშად, დამლაგებლად, ნებისმიერ ადგილზე ვიმუშავებთ, თავს არ დავზოგავთ”.

 

გთხოვთ, ჩვენი გაჭირვება სხვა ადამიანების ყურამდე მიიტანეთ და იქნებ გამოჩნდეს კეთილი ადამიანი და სამუშაო მოგვცეს.

 

სხვას არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ დასაქმებას, რომ ჩვენი შრომით ვარჩინოთ შვილები!“

 

კომენტარის დატოვება