დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო კურსი უაღრესად აქტიური და ქმედითი იქნება

   ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე “GEOMEDIATV” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, „კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკის და ეკონომიკის კვლევითი ცენტრის“ დირექტორს ნიკოლოზ მეტრეველს ესაუბრა.

 პრეზიდენტ   დონალდ ტრამპის საგარეო  პოლიტიკას ხშირად ახასიათებენ  როგორც  რთულად პროგოზირებადს, რას უნდა ელოდოს მსოფლიო ამ მიმართულებით?

საზოგადოების და ცხადია პოლიტიკოსების  ყურადღება ამერიკის ახალი პრეზიდენტის საგარეო  პოლიტიკურ კურსზეა ფოკუსირებული, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კურსი სერიოზულად გადასინჯული და უაღრესად აქტიური და ქმედითი იქნება. რაც  შეეხება  რთულად პროგნოზირებულობას, თითქმის ყოველთვის ამ ტერმინს ხმარობენ პრეზიდენტ  ტრამპის  პიროვნული ხასიათის თვისებებთან კავშირში. ბუნებრივია,  ნებისმიერი ლიდერის პიროვნული თვისებები გავლენას ახდენს  პოლიტიკაზე, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ  უმნიშვნელოვანესი ფაქტორი,  აშშ  პოლიტიკური სისტემა არ გულისხმობს რაიმე რევოლუციურ და ჰიპერადიკალურ ცვლილებებს, თუნდაც ყველაზე  ქარიზმატული ლიდერების მხრიდან. ამერიკის პოლიტიკური სისტემა და კონსტიტუცია ამ მხრივ მართლაც, რომ უნიკალურია. სხვა ქვეყნებს და მათ შორის  საქართველოსაც ბევრი რამ სასარგებლო შეგვიძლია ავიღოთ ამერიკის პოლიტიკური სისტემიდან და იდეოლოგიიდან.

რომელ  ძირითად მიმართულებებს  გამოყოფდით პრეზიდენტ  ტრამპის  საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებიდან?

ვინც ყურადგებით ადევნებდა თვალს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო გამოსვლებს და წაიკითხა მისი საინაგურაციო სიტყვა ამას მარტივად გამოყოფს. აქ ოთხი ძირითადი ასპექტი იკვეთება. პირველი,მოსკოვთან ურთიეთობების გაუმჯობესების სურვილი. ტრამპი თვლის , რომ ეს შესაძლებელია და საჭიროა ამერიკის გრძელვადიანი ინტერესებისათვის. მეორე, უნდობლობა ჩინიეთისადმი. ამერიკის ისტებლიშმენტის იმ ნაწილს რომელსაც ტრამპი წარმოადგენს უკვე 5-10 წელია აწუხებს ჩინეთის ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო პოტენციალის ზრდა. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, მსოფლიოში არსებული  ხუთი სუპერკომპიუტერიდან ორი ყველაზე ძლიერი ჩინეთს ეკუთნის. ამერიკელი და იაპონელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით 2035 წლისათვის მარტო წყნარი ოკეანის ბასეინში კი არა არამედ გლობალურად, ჩინეთის  სამხედრო ფლოტი აშშ და იაპონიის ერთად აღებულ ფლოტებზე  უფრო ძლიერი იქნება. ჩინეთის ეკონომიკაზე  კი  მხოლოდ ზარმაცს არ ეზარება საუბარი. ასე რომ, ჩინეთისადმი უნდობლობა ტრამპის ფსიქოლოგიური ფობიებით ნამდვილად არ არის განსაზღვრული. მესამე, ქაოტური და უკონტროლო იმიგრაციისადმი  მისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება.  ეს არ ეხება მხოლოდ ამერიკას, ტრამპი ამერიკული და ევროპული ტრადიციული ფასეულობების და ღირებულებების მატარებელია. ობამასაგან განსხვავებით მისთვის ევროპა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური რეგიონი არ არის. უკონტროლო იმიგრაციისადმი მისი განცხადებები არ არის მხოლოდ  წინასაარჩევნო რიტორიკა. პრეზიდენტობის პირველივე დღეს გამოცხადდა მექსიკასთან არსებული კედლის შემდგომი მოდერნიზაციის და გაფართოების განკარგულებები და გაუქმდა მექსიკის პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში. მეოთხე, პრეზიდენტი ტრამპი აშკარად არ აპირებს ისლამურ ტერორიზმთან  პალიატიური ზომებით ბრძოლას. დარწმუნებული ვარ ეს ბრძოლა მის ხელთ არსებული ყველა რესურსით იქნება წარმოებული. თუ ვინ იქნება ამ ბრძოლაში ამერიკის  და ტრამპის მოკავშირე ტრადიციული მოკავშირეების ისრაელის და ევროპის გარდა ამას საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი  აცხადებს, რომ სამყარო გლობალური და შეუქცევადი ცვლილებების წინაშე დგას , თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებებს?

ასეთი ტიპის შეფასებებს ბოლომდე არ ვეთანხმები. ევოლუციურად სამყარო მუდმივ ცვლილების და განვითარების პროცესშია. ახალი რეალობები და გამოწვევები, სახელმწიფოებისგან და მსოფლიო ლიდერებისაგან დღეს ახალ მიდგომებს და ახალ იდეებს მოითხოვს. მგონია, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია სწორედ შეაფასებენ ამერიკის და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ადექვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ჩვენს ქვეყანას კი ვუსურვებ არჩეული კურსის მტკიცედ გაგრძელებას და პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას.  მხედველობაში მაქვს იმ სამოკავშირეო და საპარტნიორო პოტენციალის შენარჩუნება და  გაზრდა რომელიც საქართველომ დააგროვა ბოლო წლების მანძილზე ამერიკასთან და ევროპასთან, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ახალი ზესახელმწიფო ჩინეთი. საქართველოს შეუძლია ძალიან პოზიტიური როლი შეასრულოს დასავლეთის და ჩინეთის ურთიერთობებში.

კომენტარის დატოვება