“უარი ეთქვას დევნილის შემწეობის რეფორმას! დრო ცოტაა! მომავალი საფრთხეშია!”

ოთარ ფანცულაია

30 იანვარს დაგეგმილ დევნილთა გაერთიანებულ (ზეპარტიული) შეკრებასთან დაკავშირებით სამთავრობო დარბაზზე უარი მივიღეთ. ეს გვაიძულებს ვიფიქროთ რადიკალურ ზომებზე. ჩვენ უარს ვიტყვით იმ მთავრობაზე, რომელიც არ დგას ხალხის და სახელწიფოებრივი ინტერესების გვერდით. ფართომასშტაბიან აქციასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
ამ ბანალური უარით მათ გვაჩვენეს, რომ იმედი აქვთ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ერთიანი ძალებით გამოსვლას. ისინი ვერ აცნობიერებენ ჩვენი განწყობის სერიოზულობას. მეგობრებო ეს მცირეოდენი პაუზა გამოვიყენოთ ჩვენი ძალების მობილიზაციისათვის.

ჩვენი მიზანია კატეგორიული უარი ეთქვას დევნილის შემწეობის რეფორმას (დოკუმენტის თავდაპირველი სახელწოდება – სტატუსიდან საჭიროებაზე მორგებულ დახმარების სისტემაზე გადასვლა).
რეფორმის მიზანია დევნილთათვის სტატუსის გაუქმებით მომზადდეს საფუძველი ოკუპირებული ტერიტორიების დასათმობად!

დოკუმენტის მიღება იგეგმება უმოკლეს (20 დღის) ვადაში. გთხოვთ გააზიაროთ და მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, რათა არ მივცეთ ხელისუფლებას უფლება ჩაიდინოს საშვილიშვილო დანაშაული!

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის, საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა მტკივნეულ პრობლემად არ მიაჩნია. საერთო ნიჰილიზმის და გათითოკაცების გამო ვერც დევნილები ვახერხებდით ერთ მუშტად შეკვრას და საკუთარი უფლებების განხორციელებას.

დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივა, რომელიც უცილობლად მიგვიყვანს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვამდე.

მეგობრებო, არანაირი მოტივით, არცერთი დევნილისთვის სტატუსის გაუქმება არ შეიძლება, მნიშვნელობა არ აქვს არც იმას, თუ რა ოდენობის ხელფასი ერიცხება, ან გადაკვეთა თუ არა მან ქვეყნის საზღვარი, ან დაიბადა ომამდე თუ დევნილობაში, ომის შემდეგ.

თუკი საქართველოში შეწყდება დევნილთა რეგისტრაცია, ჩვენ დავკარგავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების იურიდიულ საფუძველს, ასევე დავკარგავთ უფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანატოვარ ქონებაზე, რაც ასევე გამორიცხავს დევნილი მოსახლეობის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების შესაძლებლობას.

სხვა დრო აღარ იქნება. სხვა დროს უკვე ძალიან გვიან იქნება.
დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები!

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დევნილის სტატუსის გაუქმებით საფუძველი ეყრება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სამუდამოდ დაკარგვას..
ჩვენს საზოგადოებას უჭირს ამ საფრთხის გაცნობიერება..
საქართველოში ყველა გადამთიელს გამოუჩნდება ხოლმე გულშემატკივარი.. ხოლო ახლა, როცა ქვეყნის მომავალი საფრთხეშია, მე ვერ ვხედავ მსგავს თანადგომას:
“დღეს მეც დევნილი ვარ!”

კომენტარის დატოვება