მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსი

მიგვაჩნია, რომ მედიის როლი არჩევნების მსვლელობისას არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგანაც სწორედ ის აძლევს  პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს საკუთარი გზავნილების მოქალაქეებამდე მიტანის საშუალებას და სწორედ ის მოგვითხრობს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შესახებ, იძლევა მათ დახასიათებას, აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას მათი საქმიანობის, პოლიტიკური პლატფორმის, შეხედულებების და სამომავლო გეგმების შესახებ. მედიის მთავარი ამოცანაა, საზოგადოებას ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია  მიაწოდოს საზოგადოებრივ საკითხებზე. ფაქტების წარმოდგენა რომელიმე მხარის სასარგებლოდ ან მნიშვნელოვანი ასპექტების გამოტოვება, ძლიერ აქვეითებს საინფორმაციო საშუალების ხარისხს. დაუბალანსებელი ახალი ამბები არის არა მხოლოდ მცდარი, არამედ მიკერძოებულიც.

მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტმა მედიის დახმარებით არ უნდა გაავრცელოს მცდარი ინფორმაცია საკუთარი თავის რეკლამირებისთვის. ეს სერიოზულად აქვეითებს საზოგადოების ნდობას არჩევნებისადმი. იგი ეჭვის თვალით უყურებს ნებისმიერ ძალას, რომელიც იბრძვის ხელისუფლებისათვის. ყოველივე კიდევ უფრო მეტად  აშორებს პოლიტიკოსებს საზოგადოებას. უნდობლობის გამო საზოგადოება  ხშირად უარს ამბობს პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობაზე.

მიგვაჩნია, რომ ყოველ დემოკრატიულ ქვეყანაში არის საკუთარი, ოდნავ განსხვავებული მიდგომა სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედიის ქცევის ნორმებისადმი, თუმცა, ჟურნალისტის სამუშაოს ხარისხის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმები ყველა ტიპის მედიასაშუალებისთვის ერთნაირია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მედიის თვითრეგულირების სისტემების განვითარება ყველა ტიპის მედიასაშუალებაში.

მიგვაჩნია, რომ საზოგადეობრივ მაუწყებელს აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივი მედიის გამოყენება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხარდასაჭერად უნდა განვიხილოთ, როგორც საჯარო სახსრების უპატიებელი ფლანგვა. მოქალაქეები არიან ვალდებულნი, მოითხოვონ სამართლიანობა, დაბალანსებულობა და მიუკერძოებლობა,  იცოდნენ, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება მედიის მიმართ განაპირობებს მათთვის აუცილებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

მიგვაჩნია, რომ კერძო სამაუწყებლო მედია ასევე უნდა ქმნიდეს სამართლიან, დაბალანსებულ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საარჩევნო კამპანიების შესახებ. კერძო მედიასაშუალებების მმართველები და მფლობელები ვალდებულნი არიან,  საკუთარ თავზე აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა, რადგან სამაუწყებლო სიხშირეები წარმოადგენს საჯარო საკუთრებას, რომელიც ემსახურება საზოგადოებას.

სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით ჩვენ, საქართველოს მედიასაშუალებები, მათი ხელმძღვანელების სახით, ვუერთდებისთ მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს, რომელიც მოამზადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო დოკუმენტებისა და თვითრეგულირების პრინციპების საფუძველზე.

მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსი

თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად, ასევე საზოგადოების არასასურველი პოლარიზაციის თავიდან  ასაცილებლად და მაღალეთიკური ჟურნალიზმის მხარდასაჭერად ხელმომწერი მხარეები პირობას ვდებთ:

  •  ვაღიაროთ და გავითვალისწინოთ კოდექსის პრინციპები;
  •  ვაღიაროთ ის გარემოება, რომ გამოხატვის თავისუფლება და ზუსტი ინფორმაცია არის  დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, რომელიც აუცილებელია მისი პროგრესისათვის;
  • ვაღიაროთ, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სრულყოფილი ინფორმაცია და აზრთა პლურალიზმი აუცილებელია;
  • ვაღიაროთ, რომ ფაქტის/მოვლენის მიუკერძოებული გაშუქება არის ჟურნალისტური პროფესიონალიზმის სიმბოლო.

I. ჟურნალისტური დამოუკიდებლობა

  1. მედია იცავს ჟურნალისტური ეთიკის, ობიექტურობის და სარედაქციო თავისუფლების აღიარებულ პრინციპებს;
  2. ჟურნალისტს, პირველ რიგში, აქვს ვალდებულება საზოგადოების წინაშე და არა ადმინისტრაციული ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშე. სინამდვილეში, ხელისუფლების წარმომადგენლები არა მხოლოდ უნდა ეცადონ, რომ ხელი არ შეუშალონ  მედიის მუშაობას, არამედ ხელი უნდა შეუწყონ მედია პლურალიზმს და დაიცვან მედიის წარმომადგენლები თავდასხმებისა და ზეწოლისგან.

(ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც ეხება ჟურნალისტების და ადამიანის უფლებებს, არის სარედაქციო დამოუკიდებლობა ყველა პოლიტიკური სუბიექტისაგან, ასევე მათი ინტერესების გამომხატველი ჯგუფების და სახელმწიფო უწყებების ზემოქმედებისგან;)

  1. ”კრიტიკული აზროვნების” მთავარი პრინციპი გულისხმობს ახალი ამბებისა და შეხედულებების გამიჯვნას. «ახალი ამბები» არის ინფორმაცია,რომელიც შეიცავს ფაქტებს და მონაცემებს, ხოლო «შეხედებულება» გულისმობს აზრს, იდეას, რწმენას ან დამოკიდებულებას, რომელიც ეკუთვნის მედიის მმართველ კომპანიებს;
  2. აზრის თავისუფალი გამოხატვის პრინციპი გულისხმობს  ჟურნალიტების, რედაქტორების, პროდუსერებისა და მესაკუთრეების პასუხისმგებლობას მათი გზავნილების შინაარსსა და ფორმაზე, ასევე იმ შედეგებზე, რომელიც მოყვება აღნიშნულ გზავნილებს;
  3. მედიის თავისუფლების დაცვის პარალელურად ასევე აუცილებელია თავისუფლების დაცვა მედიის შიგნითაც. პოლიტიკურ მხარეებთან დაკავშირებული მედიამენეჯერები და მფლობელები არ უნდა ახორციელებდნენ ზეწოლას თავიანთ ჟურნალისტებზე და სამსახურის დაკარგვის მუქარით აიძულონ მათ მოქმედება, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ;
  4. ჟურნალისტს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სიუჯეტის შექმნაში ან უარი თქვას ამ პროცესში მონაწილეობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის გარემოება ეწინააღმდეგება მის მორალურ შეხედულებებს.

II. დაბალანსებულობა და მიუკერძოებლობა

  1. ახალი ამბები არჩევნების მსვლელობისას მომზადდება დაბალანსებულად და მიუკერძოებლად. საეთერო დროის დათმობისას არ იქნება გამოყენებული როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შეფასებები რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ. ასევე ჟურნალისტები და წამყვანები არ გააკეთებენ შეფასებებს რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, მოერიდებიან პოლიტიკოსთა განცხადებების და მათი საქმიანობის კომენტირებას;
  2. ბალანსი არის მონაწილე მხარეების მიერ გამოთქმული შესაბამისი პოლიტიკური მოსაზრებების პროპორციულად წარმოადგენა. თითოეული მხარის მოსაზრების წარმოდგენას უნდა დაეთმოს საკმარისი დრო და მიეცეს შესაბამისი აღწერა, მაშინაც კი, როცა ზოგიერთი მოსაზრება არ ემთხვევა სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტის აზრს;
  3. მედია არ გამოიყენებს არატოლერანტულ ღია თუ ფარულ გამონათქვამებს, და არ გამოქვეყნებს მსგავსი სახის ინფორმაციას, სადაც ხდება სუბიექტის დისკრიმინაცია სქესობრივი, რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, პოლიტიკური, მსოფლმხედველობითი და ა.შ. ნიშნებით.
  4. მედია ასრულებს ფორუმის როლს, სადაც მიმდინარეობს აზრთა გაცვლა, საჯარო დებატები, ადგილი აქვს კონფრონტაციას და კრიტიკას, ანუ ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს საზოგადოებას უკეთ გაიაზროს კანდიდატების და პოლიტიკური პარტიის შეხედულებები. მედია ეთანხმება იმას, რომ მნიშვნელოვანი ფაქტების გარეშე ინფორმაცია  არასრულია.

III. სიზუსტე და შესაბამისობა

  1. მედია მიაწვდის ზუსტ, სამართლიან და დაუმხინჯებელ ინფორმაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შესახებ;
  2. მედია იზრუნებს იმაზე, რომ თვითეული ნიუსი შეიცავდეს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომელიც შეესაბამება რეალობას და რომელთა სანდოობას დაადასტურებს დამოუკიდებელი წყაროები და მედია მოიყვანს შესაბამის ციტატებს;
  3. მედია მოერიდება ფაქტების და მონაცემების იმგვარად გარდაქმნას, რაც გამოიწვევს რეალური სურათის დამახინჯებას, ასევე მიუკერძოებლად და ობიექტურად მიუდგება ინფორმაციის დახარისხებას მნიშვნელობის მიხედვით;
  4. მედია არ დაამახინჯებს გამოსახულებას ან ხმას ისე, რომ შეცვალოს სიტყვები ან გამოხატვის სხვა საშუალებები, აზრი, ტონი, აქცენტი. მედია მონტაჟს არ გამოიყენებს გზავნილის არსისა და მნიშვნელობის  შესაცვლელად.
  5. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხის შედეგების გამოქვეყნებისას მედია წარმოადგენს მათ მიუკერძოებელი ფორმით და გამოაქვეყნებს სრულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ, რომელმაც ჩაატარა აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. ასევე ინფორმაციას გამოკითხული მოსახლეობის კატეგორიაზე და გამოკითხვის ჩატარების დროის შესახებ;

IV. სამართლიანობა და სანდოობა.

  1. მედია შეარჩევს კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც გამოუყოფს საეთერო დროს პოლიტიკურ მხარეებს შესაბამის პოლიტიკურ გადაცემებში. იმ შემთხვევაში, როცა მხარე უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, ან როდესაც შეუძლებელია პიროვნებასთან დაკავშირება, ეს აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული საინფორმაციო სიუჟეტში;
  2. ჟურნალისტები, რედაქტორები, პროდუსერები და მესაკუთრეები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ გადაცემული ინფორმაცია არ მოვიდეს წინააღმდეგობაში სიმართლესთან და მათ სინდისთან. ფაქტები უნდა გადაიცეს შესაბამის კონტექსტში, ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. მცდარი ინფორმაციის გაშვების შემთხვევაში, აუცილებელია შემდგომ ამის გამო ბოდიშის მოხდა;
  3. ფაქტები უნდა გადმოიცეს მაქსიმალურად ობიექტურად, სწორ კონტექტში, დამახინჯებისა და მათთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მიჩქმალვის გარეშე;
  4. ახალი ამბების სათაურები და შეჯამება მაქსიმალურად მართებულად უნდა გამოხატავდეს გამოქვეყნებული ფაქტების და მონაცემების არსს. იმ შემთხვევაში, როცა ახალი ამბების გამოშვებაში გადმოიცემა კომენტარები სარედაქციო სტატიიდან, მაშინ აუცილებელია მოხსენიებული მხარის მოსაზრებების გადმოცემაც;
  5. მედია თანმიმდევრულად გამიჯნავს ერთმანეთისგან არსებული ადმინისტრაციის და თვითმმართველობის წარმომადგენლების, როგორც თანამდებობის პირების, საქმიანობას მათივე პოლიტიკური საქმიანობისგან.

კოდექსის შექმნისას ჩვენ ვიხელმძღვანელეთ  საერთაშორისო დოკუმენტებითა და რეკომენდაციებით, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ევროპის საბჭოს, ეუთოს და გაეროს, იმ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლის წევრიც არის საქართველო. საქართველოს აქვს სურვილი, დაიკავოს ადგილი განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებს შორის; მიგვაჩნია, რომ მედიაც მზად უნდა იყოს მიიღოს და გაითვალისწინოს ის სტანდარტები, რომელიც წარმოადგენს საარჩევნო კამპანიის არსს დემოკრატიულ სახელმწიფოში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ზემოაღნიშნული რეგულაციების მიმართ შესაბამისობას დააკვირდებიან საერთაშორისო ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები, მედია და, ასევე, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, შეაფასონ თუ რომელი მედიასაშუალება აწვდის მათ ყველაზე მიუკერძოებელ, დაბალანსებულ და ობიექტურ ინფორმაციას საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.ნახვები:

კომენტარის დატოვება