“უვიზო მიმოსვლა მწვანე შუქია ინვესტიციებისთვის, ტურიზმის გაზრდისთვის…”

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

გუშინ უამრავი დაბოღმილი კომენტარი წავიკითხე ჩემს მიერ გავრცელებულ მილოცვაზე ევროპაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

წავიკითხე ასეთი კომენტარები: წინ დაჯექით, მალე ჩახვალთ; რა გიხარიათ, ვისაც ფული აქვს ისეც დადის; ევროპა უფასოდ არაფერს იძლევა, ლტოლვილების მიღება მოგვიწევს და ა.შ.

ხალხისგან არ მიკვირს, როცა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ძლივს ამოღერღა მილოცვა, ზოგმა კიდევ ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესიო. მასე, ნატოსკენ და ევროპისკენ სვლა შევარდნაძემ დაიწყო 1998 წელს, თავისუფალი უვიზო მიმოსვლაც მას დავაბრალოთ? ისიც გვახსოვს რამდენი ხელისშემშლელი განცხადება კეთდებოდა. აღარ მინდა დეტალებს ჩავუღრმავდე. ბევრჯერ დავწერე, რომ მინიმუმ ორ საკითხში, ესაა ტერიტორიული მთლიანობა და საგარეო ვექტორი, პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს-მეთქი.

ასეა, სხვის წარმატებას ვერ ვაღიარებთ, თუ მოვდივართ თანამდებობაზე, რევოლუციას ვიწყებთ, რადგან ჩვენამდე იყო წარღვნა…

რატომ ვერ ხვდებით ზოგიერთები, რომ სოციალურ ქსელში ისევე ზრდილობიანად უნდა წეროთ, როგორც პირადი საუბრისას?

ან რა მიდგომაა, მე თუ ვერ მივდივარ, სხვისთვის არ უნდა გამიხარდეს?

ან რატომ არ უნდა გესიამოვნოს, როცა შენი ქვეყნიდან ჩასულ მოქალაქეს არ შეხედავენ დიდი გამადიდებელი ლინზით? რატომ არ უნდა გაგვიხარდეს, თუ თეთრი ქვეყნების სიაში ვიქნებით?

ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებშიც გაუიოლდებათ მიმოსვლა, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი გვაქვს.

ცუდია, თუ აქაურ ან ევროპელ ბიზნესმენებს გაუიოლდებათ საქართველოში მოძრაობა?

ცუდია, თუ უვიზო მიმოსვლა ევროპიდან ტურიზმს გაზრდის?

ისედაც დაცარიელდა ქვეყანა და უარესად დაცარიელდებაო. ვერ დაგეთანხმებით. ვისაც ემიგრირება სურს, მას ვიზა არ ადარდებს, ვიზითაც კარგად მიდიოდნენ და უვიზოთაც წავლენ, ვინც წამსვლელია.

მესმის მათი, ვისაც რუსეთთან სურს უვიზო მიმოსვლა. მოხსნიან ოდესმე. ახლა უფრო მალე მოხსნიან. მაგრამ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა რაში გიშლით ხელს? იცით, რომ რუსეთი დიდხანს ითხოვდა ევროპისგან ვიზების მოხსნას? მერე უკრაინა დაიწყო და ჩაიფუშა.

უამრავ საბუთს ითხოვენ და რანაირი უვიზო მიმოსვლა არისო? უამრავ ქვეყანაში ანალოგიური მოთხოვნებია, არის სავიზო რეჟიმი. თუ არა. წლების წინ ხშირად დავფრინავდი კიევში. აეროპორტში მთხოვდნენ სასტუმროს ან პირის დასახელებას, მისამართის მითითებით, სადაც უნდა გავჩერებულიყავი. ანალოგირ კითხვებს სხვა ქვეყნებშიც სვამენ.

მოკლედ, ვისაც არ გაგიხარდათ, რომ საქართველო ევროპისთვის აღარ იქნება საეჭვო ქვეყნების სიაში, გაგვატარეთ. თუ გგონიათ, რომ ქართულ ტრადიციებს ან ფასეულობებს ევროპულზე წინ ვაყენებ, ან თქვენზე ნაკლებად ვცემ პატივს, ძალიან სცდებით.

და ბოლოს, თუ ბოღმა, შური, უტიფრობა, ამპარტავნობა, უმადურობა, ნიჭის დევნა და ბევრი სხვა უარყოფითი თვისება არ მოვიშორეთ, სანამ მეცნიერებას (ვწერ წლებია, რომ სამხედრო თეორია არის მეცნიერების ნაწილი. არ ესმით. მივანდობთ დილეტანტებს, დავანგრევინებთ და ნანგრევებს ცათამბჯენებად ვაპიარებთ) და პროფესიონალიზმს არ დავაფასებთ, მუდამ მაჩანჩალები ვიქნებით. თუ არ განვითარდით, თუ იმედით არ ვიქნებით, თუ ყველა არ ჩავდგებით ქვეყნის შენების ფერხულში, ევროპაში კი არა, ზღვაზე წასასვლელი საშუალება არ გვექნება.

განვითარებისათვის გადადგმული ერთი დიდი თუ არა, პატარა ნაბიჯი მაინც არის ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება. ეს კიდევ ერთი ბიძგია, მწვანე შუქია ინვესტიციებისთვის, ტურიზმის გაზრდისთვის.

კომენტარის დატოვება