თამარ გაბუნია ახალციხეში აცრილ ექთანზე: AstraZeneca-ს ვაქცინას მსგავსი გვერდითი რეაქცია 5 მილიონიდან 41 შემთხვევაში გამოუვლინდა

AstraZeneca-ს ვაქცინას მსგავსი გვერდითი რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული მოსალოდნელ გვერდით რეაქციებში, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი, ანუ ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე არ მოხდება შემთხვევისა და მიზეზშედეგობრივი კავშირის გამოკვლელვა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით.

„სტანდარტულად, როცა სავარაუდო გვერდითი რეაქცია დგება, ექსპერტების შეფასების საფუძველზე, თუ ეს არის მძიმე გვერდითი რეაქცია. ამ შემთხვევაში მძიმე გვერდით რეაქციასთან გვაქვს საქმე, რადგან მან გამოიწვია ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაციული მკურნალობის აუცილებლობა. ამ შემთხვევაში ვიდრე არ მოხდება შემთხვევის გამოკვლევა და მიზეზშედეგობრივი კავშირის გამოკვლელვა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით, ვიდრე არ დადგინდება.

მინდა აქვე აღვნიშნო, Astra Zeneca-ს ვაქცინას მსგავსი გვერდითი რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული მოსალოდნელ გვერდით რეაქციებში, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი, ანუ ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია, ამ შემთხვევაში ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე, სწორედ ანაფილაქსია არის ეს თუ რაიმე სხვა რეაქცია, ამას შეისწავლიან ექსპერტები“, – განაცხადა გაბუნიამ.

ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.