მალე ოტია იოსელიანის ეზოში “სიყვარულის ხეივანი” აშრიალდება….

იზა ვეფხვაძე

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და დირექტორი

სრულიად საქართველოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან-რაინდთა დასის საპატიო წევრი

“მე თქვენ მიყვარხართ” –კამპანიის მონაწილენო და თანამგრძნობნო!
უკვე იცით, რომ ქუთაისიდან ვიწყებთ ” სიყვარულის ხეივნების” გაშენებას, მინდა აქვე გაცნობოთ მეტად სასიხარულო ამბავი, გუშინ ვესაუბრე ბატონ დაჩი იოსელიანს და შევთავაზე, რომ ბატონ ოტია იოსელიანის ეზოშიც გაშენებულიყო სიყვარულის ხეივანი… მან დიდი სიხარულით მიიღო ეს წინადადება და წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩა #1-ში, დიდი ოტიას ეზოშიც აშრიალდება ჩვენს მიერ, კამპანიის ფარგლებში გაშენებული “სიყვარულის ხეივანი”…ვინაიდან ორჯერ მგზავრობა და ნერგების ტრანსპორტირება თანხებთანაა დაკავშირებული, ქუთაისში და წყალტუბოში, ეს მოხდება ერთ დღეს. ჯერ იმერეთში დიდი თოვლია, კვლავაც ელოდებიან თოვლს, ამიტომ დაზუსტებით დროს ვერ გეუბნებით. კამპანიის დაწყებამდე 1 კვირით ადრე ყველას მოგაქვდით საჭირო ინფორმაციას . ყველა მსურველს, საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამ კამპანიაში. სხვა ქალაქების გრაფიკს თანდათან მოგაწვდით.

მეკითხებიან, შეიძლება სოფლებში გავაშენოთ სიყვარულის ხეივნები და ასე ჩავერთოთ ამ კამპანიაში? რასაკვირველია, შეიძლება, ჩემი და ამ კამპანიის მიზეზი სწორედ ესაა, მოდის გაზაფხული და რაც შეიძლება მეტ სოფელსა და ქალაქში გაშენდეს სიყვარულის ხეივანი, ამით ხომ ბევრი სიკეთე გაკეთდება, ხე დაირგვება, სიყვარული გამრავლდება, ბუნება გალამაზდება, სამომავლოდ ეს ადამიანებისთვის უსაყვარლეს ადგილად იქცევა.

ჩემს მეგობრებს შორის არიან სკოლის დირექტორები, პედაგოგები, სოფლის საკრებულოს დეპუტატები და რწმუნებულები, აქტიური მოქალაქეები, კარგი ქართველები, კარგი იქნება თუ შეუერთდებით ამ კამპანიას და თქვენს თანამოაზრეებთან ერთად, რაც შეიძლება მეტ ხეივანს გავაშენებთ საქართველოში… რთულად ნუ მოგეჩვენებათ, 20-30 ნერგის შოვნა ქალაქისთვის, დაბისთვის და მით უფრო სოფლებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, მთავარია მონდომება. რაც შეეხება ხის სახეობას: ულამაზესია ნეკერჩხლის, ცაცხვის, ალვის ხეების, მარადმწვანე მცენარეების ხეივნები, შეიძლება იასამნების, ბროწეულის და ასე შემდეგ, ფანტაზიებს რა დალევს…. ველოდები თქვენს აქტიურობას…

მე თქვენ მიყვარხართ….

 

კომენტარის დატოვება