„რუსთავი 2“ ენმ-ს ბოლო ბასტიონია, ჩვენ კი პირველი მსხვერპლნი ვართ“

მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ საუბრობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი დავით დვალი და ამბობს, რომ ეს იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის გაგრძელებაა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოზე აქვს მოწყობილი. დვალი არ გამორიცხავს არც იმას, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ კულუარული გარიგება შედგეს.

-„ციხეში ამოგალპობთ“, „საქართველოში არ დაგედგომებათ“ – ეს არის ნაციონალების ტერმინოლოგია, მათი მოსაწონი იქნება მოსამართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ გადაწყვეტს საქმეს, მაშინ, როცა მათ სასარგებლოდ რეალურად არაფერია. სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არის სრულიად გამართული საქმე.

ვფიქრობ, რომ ეს მორალური ტერორი ძალიან სერიოზულად მოქმედებს მოსამართლეებზე და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ, ამიტომაც ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღება.

დღევანდელი „რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო ბასტიონი და ერთ-ერთი პირველი, რომელიც ძალადობრივი გზით წაართვეს კანონიერ მესაკუთრეებს. დღეს ამ ტელეკომპანიის სათავეში დგანან ბანდიტები, მე არ ვგულისხმობ მენეჯმენტს, ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც რეალურად დგანან ე.წ. მფლობელების უკან. ეს არის ბანდიტური გზით წაღებული ტელევიზია.

2012 წლის არჩევნებამდეც განვაცხადეთ ჩვენი სამართლიანი პრეტენზია „რუსთავი 2“-ზე და უკვე არჩევნების შემდეგ ოფიციალურადაც მივმართეთ პროკურატურას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საქმე გაჩერებულია.

ქიბარ ხალვაში თავისი სამოქალაქო სარჩელით უფრო გვიან გამოჩნდა ასპარეზზე. მანამდე ჩვენ ვიყავით არჩევანის წინაშე, რომელი გზით წავსულიყავით.მხარს ვუჭერთ ხალვაშის მიერ დაწყებულ სამოქალაქო დავას. სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებს, ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ბერკეტი, ჩავერთოთ სამართლებრივ პროცესში, როგორც მხარე. დიახ, ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ ქიბარ ხალვაშსაც უკანონოდ ჩამოართვეს, თუმცა საქმე ისაა, რომ ის არ არის პირველი მსხვერპლი ამ ჯაჭვში.
მივესალმეთ ხალვაშის გადაწყვეტილებას. თუ ის მოიგებს ამ პროცესს და დაამტკიცებს, რომ დღეს ვინც იქ ზის, არის უკანონო მფლობელი, ეს ჩვენთვისაც წინგადადგმული ნაბიჯია. ამის შემდეგ გვრჩება საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ პირველი მსხვერპლნი ვართ ჩვენ. ეს იქნება სამართლიანობის აღდგენის პირველი ნაბიჯი”-აცხადებს დვალი.

კომენტარის დატოვება