„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ თბილისის მერისგან პასუხს სასწრაფოდ ითხოვს

დღეს თბილისის მერიასთან უსახლკაროებმა მორიგი აქცია გამართეს. მათ მხარდაჭერა გამოუხატეს და აქციას შეუერთდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ და არასამთავრობო ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ წევრები.

დღესვე კავშირის თავმჯდომარემ, თამარ იოვაშვილმა ქალაქის მერის სახელზე განცხადება შეიტანა.

-„ბატონო დავით,  მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია წლების მანძილზე მუშაობს უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა საკითხებზე. როგორც მოგეხსენებათ , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N7/56204 დადგენილების მიხედვით დამტკიცდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი.  ქ.თბილისის მერიამ დაიწყო უსახლკაროთა რეგისტრაცია და შექმნილია შესაბამისი კომისია. ჩვენი საქმიანობის  პროფილიდან გამომდინარე, ჩვენთვის “დაინტერესებულ პირებს” წარმოადგენენ ბენეფიციარები, ე.წ. “უსახლკაროები” . სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან , თქვენი უშუალო კომპეტენციის ფარგლებში გვაქვს რამდენიმე შეკითხვა, კერძოდ :

-აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, რა ეტაპზეა უსახლკაროთა რეგისტრაცია;

-რა ბედი ეწიათ მათ, ვინც უკვე გაიარა რეგისტრაცია დადგენილების საფუძველზე;

-რამდენმა  ადამიანმა(ოჯახმა)  გაიარა  რეგისტრაცია;

– როგორია კომისიის გადაწყვეტილება , რამდენი ადამიანი (ოჯახი) მიიღებს უსახლკაროთა სტატუსს;

სად და რა ფორმით დაკმაყოფილდნენ (დაკმაყოფილდებიან) უსახლკაროები;

ბატონო დავით, მოგეხსენებათ საქართველოში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი -თბილისში არსებული უსახლკარო ადამიანების რაოდენობა და მათი სავალალო მდგომარეობა, ამიტომ გთხოვთ უმოკლეს ვადებში გვაცნობოთ პასუხი აღნიშნულ კითხვებზე.

წინასწარ გიხდით მადლობას  ყურადღებისათვის. იმედი გვაქვს რომ მივიღებთ სრულყოფილ პასუხს“-ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარის დატოვება