დავით ფერაძე: მზად ვარ საკუთარი სისხლის ფასად გადავეღობო სანიკიძეს!

   როგორც ჟურნალისტებს განათლების ახალმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავამ განუცხადა, “სანიკიძესთან მოლაპარაკებები ორ თანამდებობაზე მიმდინაროებს”.

მისივე განმარტებით, სანიკიძემ არჩევანი განათლების ხასრისხის ეროვნულ ცენტრსა და საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობებს შორის უნდა გააკეთოს. ,,პრემიერმა თავიდანვე თქვა და ჩვენ ვცდილობთ ქალბატონი თამარი სისტემაში დავტოვოთ. ეს მცდელობა დიდი ხანია გრძელდება. რამდენიმე ადგილი მაქვს პრობლემური, სადაც მისი წონა და გამოცდილება მჭირდება. ერთი არის საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა. იქ რომ თამარისნაირი მყავდეს ძალიან მაგარი იქნება, ავშენდები. მეორეა ხარისხის მართვა. ესეც კრიტიკული ადგილია. რომელს აარჩევს თამარი, უახლოეს ერთ კვირაში გახდება ცნობილი”, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის ამ განცხადებას “პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს” თავმჯდომარე, პედაგოგი დავით ფერაძე ეხმიანება, თუმცა ამბობს, რომ ამ გამოხმაურებას წერს როგორც მამა და მოქალაქე. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

   დავით ფერაძე. პედაგოგი.

-“მზად ვარ საკუთარი სისხლი შევასხა ჩემი  და ქვეყნის შვილების და მომავლის მტერს,  მათ ვინც წინ გადაეღობება მათ კეთილდღეობას!  ამჯერად ამას ვაცხადებ ყოველგვარი რეგალიების გარეშე, როგორც მამა, როგორც ადამიანი და ბოლოს, როგორც პედაგოგი!  ორიოდე კაცმა  შევძელით  და მივაღწიეთ განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინსტრის დამნაშავე თამარ სანიკიძის გადაყენებას. იმედი გაგვიჩნდა, რომ ამას მოყვებოდა სამინისტროს გაწმენდა კრიმინალებისგან, მაგრამ ხდება პირიქით: განათლებისა და მეცნიერების ამჟამინდელმა მინისტრმა სანიკიძის დანაშაულობათა გამო ერთ დღეს მოგვიბოდიშა  და მეორე დღეს გამოგვიცხადა, რომ მას ახალ თანამდებობებს სთავაზობს?!  რა არის ეს?! საზოგადოების დაცინვა, წინასაარჩევნო „დაბოლება“ თუ ორივე ერთად? ან იქნება უფრო „ძლიერი ხელის“ დირექტივაა?! ანუ ბინძური, მყრალი ჭურჭელი დროებით თვალს მოაფარეს და ახლა ისევ ცხვირწინ უნდათ დაგვიდონ? ამას არ დავუშვებთ!!! დიახ სანიკიძე იყო განათლების, ესე იგი ჩვენი უმანკო ბავშვების უბოროტესი მტერი! დიახ, მისი პირადი მითითებით იდევნებოდნენ პროფესიონალები, მისი ახირებებით ინიშნებოდნენ ახალი დირექტორები, ის პირადად მფარველოდბა კორუფციას, ფლანგავდა ბიუჯეტს!  მხოლოდ ჩემი პოლიტიკური დევნის გამო მას სამი და მეტი წლის პატიმრობა ემუქრება, და ადამიანს, რომელიც უნდა დაეპატიმრებინათ, რევერანსებს უძღვნიან!

როგორც ასეთ შემთხვევაში ემილ ზოლა იტყოდა, „სიჩუმე დანაშაულის თანამზრახველობაა“ და ვინც ამ დანაშაულზე დადუმდება, ეს იქნება პედაგოგი, მშობელი, ჟურნალისტი თუ სხვა, ის ძალაუნებურად მთავრობის მიერ დაგეგმილ ამ დანაშაულში ჩართული აღმოჩნდება. სანიკიძე არის ჩემი დევნის ორგანიზატორი, ამაში მას ხელს უწყობდა მთლიანი მთავრობა და საზოგადოების დანაშაულებრივი დუმილი, მაგრამ ჩემი დევნის გამო სიცოცხლის გაწირვა აზრადაც არ მომსვლია. სამაგიეროდ  სიცოცხლეს გავწირავ ჩემი შვილებისა და მათი თანატოლების მომავლისთვის. დიახ, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, უწმიდურების მთესველ  თამარ სანიკიძეს, რიგით მასწავლებელადაც რომ დანიშნოთ სისტემაში აღარ შევუშვებ! განათლების სამინისტროს აპარატში უწმინდურების დატოვება და სისხლმოწყურებული სანიკიძის დაბრუნება პირდაპირ კავშირშია ჩვენი პაწაწინა შვილების სამომავლო უბედურებასთან. ჩემთან დაკავშირებით ბევრ დათმობაზე წავედი, მაგრამ შვილებზე ხელს არ აღგამართიენებთ, არა! რადგან გწყურიათ სისხლი, მიიღეთ.

მე მზად ვარ საკუთარი სისხლის ფასად გადავეღობო სანიკიძეს. მას არ შევუშვებ არცერთ შენობაში, სადაც გაამწესებენ.  მას დარჩება ერთი გზა – გაიაროს სისხლში! ასეთივე  ფასად გაგაწმენდინებთ სამინისტროს დამნაშავე ხროვისგან. სურს ხელისუფლებას მსოფლიო მასშტაბის სკანდალში გახვევა? კი ბატონო! მე გავხდები თქვენი შებრკოლების ლოდი”.

კომენტარის დატოვება