ახალი ავტობუსები – არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი

 სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის. შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „Man Truck and Bus AG“-სთან ხელი დღეს მოეწერა.ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 7 თვისა თბილისის ავტოპარკი ჯამში, ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება. ევროსტანდარტების შესაბამისი  ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით, რაც დიზელთან შედარებით  უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს,შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. პროექტის ფარგლებში,EBRD-ის დაფინანსებით გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად, გამარჯვებულმა კომპანიამ 143 ერთეული 12 მეტრიანი, ადაპტირებული ავტობუსი უნდა შემოიყვანოს.  მოწოდება მოხდება ეტაპობრივად, 7 თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები არის სრულიად უსაფრთხო, ბუნებრივ აირზე მომუშავე, რაც განაპირობებს საწვავის ეკონომიას, ასევე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით,  მნიშვნელოვნად შემცირდება გამონაბოლქვი.  ასეთი ტიპის ავტობუსები ჩვენს ქალაქს არასდროს ჰყოლია, ამიტომ, ერთის მხრივ, ეს არის, პრაქტიკულად, პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ევროპული ტიპის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იაროს თბილისში და ჩვენი თანამოქალაქეები უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ, მეორეს მხრივ კი, ქალაქის ბიუჯეტი დაზოგავს თანხას ავტობუსების მომსახურებასა და საწვავით უზრუნველყოფაზე,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები ივლის ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას ავტობუსების პარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება