გუშინ…და დღეს… – პროტესტი, აქციები…რატომ დგას ისევ ქართული მიწის გასხვისების საკითხი მწვავედ?

    უკვე წლებია აქტიურად განიხილება საკითხი-უნდა აიკრძალოს თუ არა უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვა?

 ინტერნეტში უკვე პეტიციაც გავრცელდა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. როგორც ყველა საკითხის გარშემო საზოგადოების აზრი ამ საკითხზეც გაყოფილია, თუმცა არიან ისინიც, ვინც უკვე კბილებით იცავენ თავიანთ შეხედულებას და ეწინააღმდეგებიან ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისებას.

  საზოგადოების უმეტესი ნაწილი საკმაოდ აღაშფოთა კანონპროექტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

არის თუ არა ეს კანონი ანტიქართული და რა სავალალო შედეგებს გამოიწვევს პარლამენტის მიერ ამ კანონის დამტკიცება?

   პირველი, ვინც ამ საკითხს ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოეხმაურა, ზვიად ტომარაძე იყო. მაშინ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი “ წერდა:

 -პარლამენტი მორიგი ანტი-ქართული კანონპროექტის მისაღებად ემზადება!!!!!! საუბარია მიწის უცხოელებზე შეუზღუდავ გაყიდვაზე!!!!! ნებიემიერი პარლამენტარი, ვინც მხარს დაუჭერს მორიგი ანტი-ქართული კანონპროექტის მისაღებას, „„საპატიო ადგილს” დაიკავებს სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის გვერდით“.

არანაკლებ მწვავე რეაქცია ჰქონდა თბილისის საკრებულოს წევრს სოსო მანჯავიძეს.

-მიწების უცხოელებზე გასხვისების კანონის მიღება.
ათიოდე წელიწადში ქართველები მიწის მსხვილ ნაკვეთებს მთლიანად გაყიდიან. მათი უმრავლესობა მიღებული ფულით თბილისში და ბათუმში იყიდის ბინებს და მანქანებს.ვინც სამშობლოს გაყიდვით ფულს ვერ იშოვნის,ბატრაკებად იმუშავებენ უცხოელი ლატიფუნდისტების პლანტაციებში.ეს დროებით “გამოაცოცხლებს” სამშენებლო ბიზნესს.
მიწათმესაკუთრეები იქნებიან თურქები,აზერბაიჯანლები,სომხები,რუსები,ჩინელები,არაბები და ინდოელები.
მიწების დიდი ნაწილი ”პოლიტიკური ფულით” და ინტერესით იქნება შეძენილი“-აცხადებდა მანჯავიძე.

ქართული მიწის გასხვისების წინააღმდეგ გამოდიოდა პროფესორი მიხეილ ჯიბუტი და აცხადებდა:

-სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში გადაცემა სასოფლო-სამეურნეო პროფილის იურიდიული პირების გარდა სხვა იურიდიულ პირებზე ეს იქნება უცხოელების მონაწილეობით, თუ  მათ გარეშე, განსაკუთრებით კომერციული  ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებისათვის -არის კატასტროფა, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები საფრთხე ექმნება ქართველი ერის არსებობას! მალე საქართველოს ეყოლება უმიწოდ დარჩენილი გლეხები, რომლებსაც ან სიღატაკეში ამოხდებათ სული, ან გაქცეული თანამოქალაქეების მსგავსად, ისინიც „შვებას“ უცხო მიწაზე იგრძნობენ“.

საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდა საკითხს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგანტოს „ივერიონის“ რედაქტორი ზაურ ნაჭყებია.

-კანონპროექტის მიღება კატასტროფა იქნება საქართველოსთვის იმდენად, რამდენადაც დღემდე არ მომხდარა მიწის ხელახალი რეგისტრაცია – არ არის აღრიცხული რამდენია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები, არ არსებობს მიწის კოდექსი, რომელიც მიწასთან დაკავშირებულ პრობლემებს ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულირებს! უცხოელები საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე თავს არ მოიკლავენ და მათ მიერ შეძენილი ქართული მიწა მამასისხლად ისევ ქართველების გამოსასყიდი იქნება, ან უბრალოდ, „დაკონსერვდება“!“-მუდმივად აცხადებდა ნაჭყებია.

უამრავი განცხადება გაკეთდა ამ კანონის საწინააღმდეგოდ და ერთ-ერთი ვინც საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა მებრძოლ-პატრიოტთა კავშირია. მისი თავმჯდომარემ ემზარ ქვარიანი საპროტესტო აქციებსაც აანონსებდა და აცხადებდა.  

„სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც თუ პირდაპირ ვიტყვით, საქართველოს გაყიდვის ტოლფას დოკუმენტად შეიძლება იქცეს.

  საქმე ეხება ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას, უფრო სწორად, შეუზღუდავად გაყიდვას, რომელიც აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას მიწის გარეშე დატოვებს“

   წლები გავიდა, საკითხი კი ისევ აქტუალურია და მეტიც, ამ ადამიანებს სხვებიც შეემატნენ და პროტესტის ტალღა გაიზარდა.

  რატომ ვერ მოხერხდა საკითხის გადაწყვეტა? დატოვებს თუ არა ეს კანონი ქართველ გლეხს მიწის გარეშე ?  ვინ აიძულა საქართველოს მთავრობა მოემზადებინა ასეთი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი და ჩვენი ბედოვლათი კანონმდებლებისთვის „შეეცურებინა“? რატომ ვერ დაინახა მთავრობამ ის საშიშროება რასაც ეს ადამიანები ხედავენ და რა მდგომარეობაა დღეს, შერბილდა თუ დამძიმდა სიტუაცია?

  ჩვენ ამ ადამიანებს უკვე წლების მერე დავუკავშირდით და მიწის გასხვისების თაობაზე გავესაუბრეთ.

კითხვა:

ქართული მიწის გახსვისების საკითხზე თქვენი აზრი უკვე კარგად იცის საზოგადოებამ, ახლა გვინდა სხვა კითხვით მოგმართოთ-ბატონებო, თქვენ იყავით ის ადამიანები, რომლების ჯერ კიდევ 2 წლის წინ აპროტესტებდით ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისებას, წლები გავიდა, პრობლემა კი ისევ რჩება. როგორ ფიქრობთ, რატომ არ თუ ვერ მოხერხდა საკითხის გადაჭრა და რატომ არ იღო მთავრობას თქვენი შენიშვნები ყურად? ამბობთ, რომ ეს ყველაფერი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივია, მაშინ რატომ ვერ ხედავენ მავანნი საფრთხეს და თქვენი აზრით-რამდენ ხანს გაგრძელდება დავა-გასხვისდეს თუ არა ქართული მიწა უცხოელებზე?

   ზვიად ტომარაძე:

-„ჯერ კიდევ ორი წლის წინ, პარლამენტში ზურაბ ტყემალაძის კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც მართალია არ იყო იდეალური, თუმცა ჩვენი შენიშვნების უმრავლესობა გათვალისწინებული იყო. არასამთავრობო სექტორმა და ლიბერალური იდეოლოგიის პარტიებმა მოახერხეს, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტში არ განხილულიყო. საფრთხეს კი იმიტომ ვერ ხედავენ, რომ ზოგი თავს დედამიწის მოქალაქედ მიიჩნევს, შესაბამისად მისთვის საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოება მიწის უცხოელებზე გაყიდვის კუთხით ბევრს არაფერს ნიშნავს, ზოგს აზროვნება და საკითხში გაუთვითცობიერებლობა აკლია, ზოგი კი ქვეყნის მტერია! რაც შეეხება შეკითხვას, როდემდე გაგრძელდება დავა? მოგახსენებთ, რომ ჩემი და დემოკრატიული მოძრაობის წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც უცხოელებს სასოფლო–სამეურნეო მიწის შეძენას უკრძალავს, ორი კვირის წინ საკონსტიტუციო კომისიამ განიხილა და იმედიც გაჩნდა, რადგან ქართული ოცნების დიდმა ნაწილმა მას მხარი დაუჭირა“.

სოსო მანჯავიძე:

-“როგორც კი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის შეზღუდვა 2012 წელს ,ჩემთვის გასაგები გახდა რა საფრთხე დაემუქრა ქვეყანას და რა მიმართულებით წავიდოდა პროცესი. აქედან გამომდინარე დაუყონებლივ შევეწინააღმდეგეთ ამ დამღუპველ ტენდენციებს..

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას,დიდი იმედი მაქვს,რომ პარლამენტი მიიღებს იმ კანონპროექტს,რომელიც სრულად ითვალისწინებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და რომელიც შემუშავდა წინა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიერ “ქართული მიწის დაცვის კომიტეტის,მეცნიერებათა აკადემიის და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრობლობით.

ზაურ ნაჭყებია:

-„ხელისუფლებას არ აქვს ნება სახელმწიფოებრივად მიუდგეს საკითხს, როგორიცაა ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისება. მათ უბრალოდ არ აქვთ სურვილი მოუსმინონ ხალხის ხმას. ხალხის ხმა კი ასეთია-ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს. ჩვენმა წინაპრებმა ეს მიწა სისხლით დაიცვეს და ოფლით მოიტანეს ჩვენამდე. ამ საკითხის დადებიტად გადაწყვეტის შემთხვევაში ხელისუფლება გაატარებს მასონური ძალების ინტერესს ქართველი გლეხი და ქვეყნა დატოვონ ქართული მიწის გარეშე. ისეთი მიდგომა, რომ მიწას ვერ ვამუშავებთ, არ არის სწორი, დღეს ვერ ვამუშავებთ, ხვალ დავამუშავებთ, საქართველო ჩვენით არ დაწყებულა და ჩვენით არ მთავრდება, მიწა ის სიმდიდრეა, რომლის ხელყოფა არ შეიძლება. ყველამ გაიხსენეთ პატრიარქის სიტყვები. რა არის იმის მიზეზი, რომ საკითხი დღესაც მწვავედ დგას? ის, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით და შესაბამისი პასუხი არ მოვითხოვეთ მტავრობისგან. ხელისუფლება კი იმიტომ აკეთებს ისევ თავისას, რომ საზოგადოება არ დგას თავის სიმაღლეზე. საზოგადოება არ არის თანმიმდევრული შეიქმნას მიწის კოდექსი, რომელიც საბოლოოდ დაარეგულირებს ყიდვა-გაყიდვის პრობლემას. ცალსახად ვაცხადებ-ქართული მიწის გაყიდვა ანტისახელმწიფოებრივია, დანაშაულია, რასაც მომავალი თაობა არავის არ აპატიებს“.

ემზარ ქვარიანი:

-მაშინაც და ახლაც ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ- ვინც ამ კანონზე ხელს მოაწერს და ხელს შეუწყობს უცხოელებზე მიწის გაყიდვის დაკანონებას, ყველა იქნება ერის და ქვეყნის მოღალატე.

ეს პრობლემა მუდამ იქნება, სანამ ამ ხელისუფლებაში მედროვეები იქნებიან და სანამ სულით და ხორცით ეროვნული იდეოლოგიურად განწყობილი ადამიანები არ მოვლენ ხელისუფლებაში.

რატომ დგას წლების მერეც ეს პრობლემა? იმიტომ, რომ ამათ არც ქართული სული აქვთ და არც ქართული სისხლი, ეს მათი ქმედებებიდანაც  კარგად სჩანს. ხელისუფლებაში ხალხის ხმას არ ისმენენ და საფრთხეს ვერ ხედავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ დაუფიქრებლად გაყიდიან ქართულ მიწა-წყალს“.

ინტერნეტში კი პეტიცია-„აიკრძალოს უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვა“ გავრცელდა, რომლის ადრესატი საქართველოს მთავრობა და პარლამენტია. პეტიციის ქვემოთაც საინტერესო და საყურადღებიო მოსაზრებებს წაიკითხავთ საკითხზე განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებისგან დაწერილ კომენტარებში.

პეტიცია იხ. ლინკზე

https://manifest.ge/main/item/1143#.WJy4mhZC18m.facebook

იმედი ვიქონიოთ, რომ როგორც ზვიად ტომარაძემ განაცხადა, „იმედი გაჩნდა“  და მთავრობა საზოგადოებასთან კონსოლიდირებულად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ კი გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს და სხვა ადამიანების შეხედულებებსაც მოგაწვდით.