„არც ერთი თანამშრომელი ქუჩაში! გვიგულეთ თქვენს გვერდით, პატივცემულო ჟურნალისტებო!“

„არც ერთი თანამშრომელი ქუჩაში!“ – ასეთი ლოზუნგი აქვს „მემარცხენე ალიანსს“…
„ჟურნალისტი, მოსამართლის მსგავსად ხელშეუხებელი უნდა იყოს!“ –

 სოსო შატბერაშვილი

„ჩვენ 100 პროცენტით ვეთანხმებით იმ აზრს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საჭიროებს რეფორმას, ტექნიკის, შენობის განახლებას, რეგიონალურ ოფისებს, ოღონდ ერთი გამონაკლისით, ეს არ უნდა ხდებოდეს ჟურნალისტების ხელფასების, მათი ქუჩაში გაყრის ხარჯზე. ჟურნალისტი, მოსამართლის მსგავსად ხელშეუხებელი უნდა იყოს“ – ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის” გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა მედიაკავშირ ობიექტივზე გადაცემა „პოლიტიკური აზრში“ სტუმრობისას განაცხადა.

„მემარცხენე ალიანსის“ პოზიცია შემდეგია: „არამც თუ მხოლოდ რეგიონალური ოფისები უნდა ქონდეს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, არამედ უცხოეთის წამყვან ქვეყნებსა და დედაქალაქებშიც უნდა ქონდეთ ოფისები. ამისათვის საჭიროა საზოგადოებამ გაიღოს ფული, ანუ ბიუჯეტმა. რადგანაც ეს არ არის კერძო ტელევიზია და ეს არის ჩვენი, საზოგადოევრივი ტელევიზია, ჩვენმა ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადოს თანხა, რათა კაპიტალურად შეკეთდეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ასევე უმძიმესი მდგომარეობაა ტექნიკური გადაიარაღების კუთხით. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უნდა ქონდეს ისეთი შენობა, როგორიც ჩვენს საზოგადოებას ეკადრება. არც ერთი თანამშრომელი ქუჩაში! – ასეთი ლოზუნგი აქვს ჩვენს პარტიას. თუ ეს ლოზუნგი დაირღვევა, ჩვენ დავდგებით თითოეული ჟურნალისტის გვერდით. გვიგულეთ თქვენს გვერდით პატივცემულო ჟურნალისტებო!

პირველ რიგში ეს ხელისუფლების ინტერესში არ უნდა იყოს. მე მინდა გავახსენო ჩვენ ხელისუფლებას, თუ როგორ დასრულდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელმაც უამრავი ტელეკომპანია დახურა: ტელეკომპანია „იბერია“ დაარბია და მე და ჩემი თანამებრძოლები იქ ვიყავით, ტელეკომპანია „202“ დაარბია, მისი მეპატრონე დაიჭირა, ჩვენ ისევ იქ ვიყავით, „იმედზე“ აღარაფერს ვლაპარაკობ, გაზეთები დახურა, გამომცემლობა „სამშობლო“ დაარბია და კინწისკვრით გამოყარა იქიდან მედიასაშუალებები და მათ შორის ტელეკომპანია „კავკასია“, ჩვენ მაშინაც იქ ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ჟურნალისტების გვერდით ვიდეგით. სხვათაშორის „რუსთავი 2“-ს აქვს ჩვენ პარტიასთან პრეტენზია, თქვენ ჩვენ გვერდით არა ხართო, თუმცა მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ „რუსთავი 2“-ზე რომელიმე ჟურნალისტი დაჩაგრულიყოს. ეს ნიკა გვარამია წივის და კივის ვიჩაგრებიო, თორემ გარეგნულად მას არაფერი ეტყობა დაჩაგვრის. ეს არის ბრძოლა მეპატრონეებს შორის, ჩვენ ამაში არ ვერევით. საკმარისია რომელიმე ჟურნალისტს შეეხონ, თუნდაც ხალხისთვის საძულველ „რუსთავი 2“-ზე, ჩვენ იქ ვიქნებით და გვერდით დავუდგებით.

ჩვენ, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ დაიხუროს და არც ერთი ჟურნალისტი არ დარჩეს ქუჩაში“ – განაცხადა პარტია „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა.