მირქმას გილოცავთ! მივეგებოთ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს!

მირქმა (მიგებება) უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ძველი სტილით აღინიშნება 2 თებერვალს, ახალი სტილით კი 15 თებერვალს

ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.

 მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია, მაგრამ VI საუკუნემდე იგი გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს საშინელი მიწისძვრა დაატყდა, რომელმაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა; ერთ უბედობას სხვაც დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია დატრიალდა: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა; ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ; და როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტონიობა აღასრულეს – ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, რათა – მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

ეს დღესასწაული გვამცნობს ორ დოგმატურ სწავლებას, რომ ღვთისმშობელი არის მარადქალწული და მისგან შობილი ყრმა არის მხსნელი სოფლისა, ჩვენთან მოსული ღმერთი!