“დღეს ეკლესია, სახელმწიფო და საზოგადოება სერიოზული საფრთხის წინაშეა”

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ე.წ. ციანიდის საქმეზე ამბობს, რომ საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და არ უნდა დაირღვეს ზღვარი ეკლესიასა და სახელმწიფოს ფუნქციებს შორის.

-“დღეს ეკლესია, სახელმწიფო და საზოგადოება სერიოზული საფრთხის წინაშეა, საფრთხეში ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია ამ ყველაფერს მოჰყვეს სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, გამოიწვიოს საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა და ჩამოიშალოს ის ყველაფერი, რისი დანერგვაც ბოლო 25 წლის მანძილზე შევძელით.

სახარებაში წერია-„მიეცი კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა“, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს თავისი საქმე და ეკლესიამ  – თავისი. სახელმწიფო და ეკლესია თანამშრომლობს, მაგრამ კონკორდანტის შესაბამისად უნდა იყოს ურთიერთჩაურევლობა,  როგორც კი ეკლესია ჩაერევა სახელმწიფოს საქმიანობაში, მოხდება დარღვევა, როგორც კი საგამოძიებო კონპეტენციაში შეაბიჯებს რომელიმე სასულიერო პირი, გააკეტებს პოლიტიკურ განცხადებებს, იქნება ძალიან ცუდი და კავშირის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. ეს არის ბეწვის ხიდი, რომლის გადალახვა მარტივია, მაგრამ დარღვევა არ შეიძლება.

ახლა საჭიროს ყველანი დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეკლესიას და მის უწმინდესობას აქვს ნდობა სახელმწიფოს მიმართ. მივცეთ საშუალება გამოძიებას და კიდევ, არაფრით არ შეიძლება დაირღვეს დადგენილი წესი პატიმრის გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ აქ არის საშიშროება, არ ჩამოინდრეს დადგენილი კანონზომიერება”.