“უკეთური მოდგმა მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნება”

აღდგომის მარხვა დაიწყო, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა ბოლო კვირა.

დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ეკლესიაში დიდი სერობის ჟამნზე წმ. მამის, ანდრია კრიტელის, სინანულის საგალობლები იკითხება (დიდი კანონი).

ერთხელ უფალთან ეშმაკეული მიიყვანეს და შესჩივლეს, რა არ ვიღონეთ, სად არ მივიყვანეთ, არაფერი გამოგვდის, შენმა მოწაფეებმაც ვერაფერი მოუხერხეს და იქნებ შენ გვიშველო რამეო.

უფალმა გულისტკივილით ამოიოხრა და განკურნა ეშმაკეული. როცა მოწაფეები შეეკითხნენ, ჩვენ რატომ ვერ შევძელითო მისი განკურნება, უპასუხა:

– ურწმუნოებისა თქვენისათვის. ამინ გეტყვი თქვენ, მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას აქედან იქით გადადიო – გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

– ეს უკეთური მოდგმა კი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნება – დაამატა მან და ამით მოგვცა ადამიანებს ბოროტ ძალებთან საბრძოლველი იარაღი.

ლოცვითა და მარხვით ადამიანი ათავისუფლებს სულს ამქვეყნიური საზრუნავისაგან, ამაო ფუსფუსისაგან, ცოდვის მორევისაგან. იგი ასუსტებს და თრგუნავს ხორციელ მოთხოვნილებებს, რითაც აცლის ეშმაკს ბოროტი ზემოქმედების სარბიელს.