„ჯეჯელავას მოსვლის შემდეგ, ამ უწყებიდან საკმაოდ საინტერესო იდეები გახმოვანდა“

სეფიეთის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა ბიჭიკო ოჩიგავამ რიგით პირველითავისუფალი გაკვეთილიჩაატარა, ფორმატი საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

საინტერესოა, როგორ უყურებს ახალგაზრდა პედაგოგი დღეს განათლებაში არსებულ მდგომარეობას, რა შენიშვნები აქვს სისტემის მიმართ, რასფიქრობს განათლების მინისტრზე და საერთოდ, როგორია 21-ე საუკუნის პედაგოგის ხედვა.

ჩვენ სასაუბროდ ბიჭიკო ოჩიგავას დავუკავშირდით.

 -პირველ რიგში გილოცავ ახალი პროექტის-„თავისუფალი გაკვეთილის“ წარმატებით ჩატარებას. ვიცი, რომ მოსწავლეებმა ახალი ფორმატი კარგად მიიღეს. პედაგოგებზე და მშობლებზე რას იტყვი, რამდენად მზად არიან სიახლეებისთვის?

 – დიდი მადლობა მოლოცვისთვის.  დიახ, ახალი ფორმატის გაკვეთილი ძალიან კარგად მიიღეს ბავშვებმა და როცა მხვდებიან, მეკითხებიან ხოლმე, მას როდის ჩაგვიტარებთ კიდევო. ეს არის გაკვეთილი, რომელსაც არ ახლავს ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლისგან დავალებების შესრულებას და დამატებით საპასუხისმგებლო აქტივობას მოითხოვს. აქვე მინდა ვთქვა, რომ   მხოლოდ თავისუფლება არ განაპირობებს ამ ფორმატის  გაკვეთილებისადმი დიდ ინტერესესს. ცხადია თითოეული თემა მოსწავლეთა ინტერესებს უნდა იყოს მორგებული. სანამ გაკვეთილის ჩატარებას დავიწყებდი, საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი გავიარე. ვთხოვდი მოსწავლეებს, რომ დამხმარებოდნენ საკითხების შერჩევის პროცესში. ვერაფრით გააჩერებ ბავშვს 45 წუთი, თუკი ამ ხნის განმავლობაში მისთვის საინტერესო არაფერი   არ ხდება. გამომდინარე აქედან, გადავწყვიტე, რომ ახალი გამოწვევევა ერთობლივად მიგვეღო და საინტერესო თემების შერჩევისას აქტიურად გვეთანამშრომლა. რაც შეეხება პედაგოგებს, მათაც ძალიან მოსწონთ ახალი ფორმატის გაკვეთილი და მესწრებოდნენ კიდეც გაკვეთილებზე. იგივე დამოკიდებულება იგრძნობა მშობლების მხრიდანაც. მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს, რომ მოსწავლეს მრავალმხრივი განვითარების საშუალებას აძლევს.

-დღეს საკმაოდ დიდი გარჩევაა განათლების მინისტრის. როგორც ახალგაზრდა პედაგოგი, როგორ შეაფასებ ჯეჯელავას საქმიანობას და იდეებს?

-ცხადია ყოველგვარი სიახლე, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ჩვენი განათლების მინისტრი,  მისი, ზოგჯერ არაორდინალური იდეებითა და გამოსვლებით ცხადია თავიდანვე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, თუმცა ამ შემთხვევაში, მის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებ, რომელი ცვლილებებიც, ვფიქრობ დადებითად აისახება საგანმანათლებლო სივრცეზე. ,,არც ერთი ჩაჭრილი მასწავლებელი არ გვეყოლება“ მინისტრისადმი დადებითი დამოკიდებულება,   ვფიქრობ,  პირველ რიგში სწორედ მისმა ამ ფრაზამ განაპირობა. ეს იყო ერთგვარი მოტივაცია იმ პედაგოგთათვის, რომლებსაც გამოცდაზე გასვლა, ნერვების ფასად უჯდებოდათ. ვფიქრობ, პედაგოგს უუნარობის კომპლექსი არ უნდა ჩამოუყალიბდეს  და მის მიერ გამოცდის ჩაბარება-არ ჩაბარება არ უნდა აკნინებდეს მის ღირსებას. მინისტრმა ამ კუთხით საკმაოდ ეფექტური ნაბიჯი გადადგა. მივესალმები ჯეჯელავას ინიციატივას, სკოლებში სპორტული და სახელოვნებო წრეების შექმნასთან დაკავშირებით.  მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროში გამოვლენის შესაძლებლობა. უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ,,თავისუფალი გაკვეთილების“   მნიშვნელობას აღმზრდელობით პროცესში.  მსგავსი ტიპის გაკვეთილები, მოსწავლეების მრავალპროფილურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჯეჯელავა, როგორც პიროვნება, ძალიან პოზიტიურია და პირადად მე,  ძალიან კარგ განწყობას მიქმნის ხოლმე.

-მაშინ როგორ ფიქრობ, რატომ არ მოსწონს საზოგადოებას მინისტრის იდეები? მე ვიცი, რომ ბევრი პედაგოგიც ჩუმად აფიქსირებს მის უარყოფით დამოკიდებულებას ჯეჯელავას მიმართ.

-ძალიან რთული შეკითხვაა. დღესდღეობით არ მეგულება მაღალჩინოსანი, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას უყვარდეს. ქართველებს ამგვარი დამოკიდებულება ერთგვარ მენტალობად ჩამოგვიყალიბდა, თუმცა ალბათ ასეთ მიდგომასაც აქვს თავისებური გამართლება…დაგეთანხმებით, განათლების მინისტრის მისამართით ძალიან ხშირად გვესმის საყვედურები და ალბათ საზოგადოებას  აქვს კიდეც  ამის  რეალური მიზეზი. მე მაინც მგონია, რომ საზოგადოების გულისწყრომას, მინისტრის არაორდინალური იდეები და გამოსვლები განაპირობებს. თუნდაც ავიღოთ ,,კომბლე“-სთან დაკავშირებული ამბები. არაფერს ვამბობ გალაქტიონის ,,მთაწმინდის მთვარე“-ზე. ალბათ მორიგი სამიზნე ,,იისფერი თოვლი“ გახდება.  მინისტრი, ქართული პოეზიისა და ზოგადად  ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოებისადმი მისი ამგვარი ინტერპრეტაციებით,  ვფიქრობ წიგნიერი საზოგადოებისთვის,  საკმაოდ სენსიტიურ საკითხს ეხება. მგონია, რომ, როცა ადამიანი,  აწ უკვე კარგად ფესვგადგმულის ამოძირკვის ინიციატივით გამოდის, იქვე , უკეთესი ალტერნატივის შემოთავაზების იდეითაც უნდა გამოვიდეს. ვფიქრობ მინისტრი ძალიან კარგად ერკვევა პიარის სფეროში და თუნდაც ანტი-პიარით საკმაოდ მაღალ ქულებსაც იწერს, რისი  ნათელი მაგალითიც  მისი დაწინაურება გახლდათ. გარდა ამისა, პედაგოგიური საზოგადოების უდიდეს ნაწილს კარგად ახსოვს  მინისტრის მიერ  მიცემული შეუსრულებელი დაპირება,  ხელფასის 800 ლარამდე მატებასთან დაკავშირებით. კარგად ახსოვთ პედაგოგებს მინისტრის წინასაარჩევნო დაპირება, თუმცა მათთან შეხვედრებისას არასდროს უხსენებია მინისტრს, რომ ხელფასების მატება, მხოლოდ პედაგოგთა ნაწილს შეეხებოდა. ცხადია ამან პედაგოგთა სამართლიანი პროტესტი გამოიწვია.

-შენ რომ განათლების მინისტრი იყო, პირველ რიგში რა ცვლილებას განახორციელებდი?

 -მიუხედავად იმისა, რომ ჯეჯელავას მოსვლის შემდეგ, ამ უწყებიდან საკმაოდ საინტერესო იდეები გახმოვანდა, ვფიქრობ არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც  უნდა გადაიხედოს. მაგალითად, პედაგოგებისთვის სტატუსის შენარჩუნების საკითხი. ახალი სქემის მიხედვით, პედაგოგები არსებულ სტატუს ინარჩუნებენ მანამ, სანამ არ აიმაღლებენ  კვალიფიკაციას და არ გადავლენ შემდეგ საფეხურზე. გაუგებარია როგორ თხოვ პედაგოგს განახორციელოს მთელი რიგი აქტივობები, თუკი მან იცის, რომ  მათი შეუსრულებლობის შემთთხვევაშიც მათ არსებულ სტატუს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს საკითხი ვფიქრობ დასახვეწია.მე რომ მინისტრი ვიყო, აუცილებლად ვიზრუნებდი მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებაზე. წინასაარჩევნოდ, პედაგოგთა იმედით სავსე თვალებსა და ნდობას  არ გამოვიყენებდი პოლიტიკური მიზნებისთვის. აუცილებლად ვიზრუნებდი იმაზე, რომ ხელფასი თითოეულ მასწავლებელს მომატებოდა.

-აშკარად ჩანს, რომ პედაგოგების ნაწილს არ უნდა სიახლეები, როგორ ფიქრობ, ეს სიახლის შიშია თუ უბრალოდ ეზარებათ?

-მოდით ვაღიაროთ, რომ სკოლა გამოცოცხლდა.  ქართული სკოლების პრობლემა ათწლეულების მანძილზე ის იყო, რომ ერთ ადგილს ტკეპნიდა და განვითარებაზე არ იყო ორიენტირებული. არ არსებობდა კონტროლის მექნიზმი, არავინ ამოწმებდა პედაგოგის საქმიანობას და შესაბამისად სადავე მიშვებულმა სისტემამ სიზარმაცე შვა. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ დღემდე ძალიან ბევრი პედაგოგი უცხადებს პროტესტს სიახლეებს. ძალიან ხშირად მსმენია ,,რა ტრენინგები დაიჩემეს, დაგვაყენონ ერთი“. ცხადია მიჩვეულის გადაჩვევა ძალიან ძნელია, თუმცა დარწმუნებული ვარ აუცილებლად გადავაბიჯებთ ძირმომპალ ზღურბლს და ავუწყობთ ფეხს თანამედროვე სამყაროს რიტმს. ისე კი ქართველები ხომ უცნაური ერი ვართ, ჩვეულებად გვაქვს ვაი-ვიშის ატეხვა, თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერს ვაკეთებთ. შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ თანამედროვე მოთხოვნებს თავისებური გასაღები უნდა მოვარგოთ, ჟარგონულად რომ ვთქვათ ,,მუღამი’ უნდა დავუჭიროთ და პროფესიულ განვითარებაზე ვიფიქროთ. მეეჭვება შიშის საბაბი გვქონდეს, უბრალოდ ჯერ კიდევ ლეთარგიული ძილით გვძინავს და იმედია მალე გამოვფხიზლდებით. ცხოვრება წინ მიდის. განსაკუთრებულად განვითარებული თაობა მოდის. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მოსწავლისთვის ინფორმაციის ერთდერთ წყაროს წიგნი წარმოადგენდა. შესაბამისად ვალდებული ვართ მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ვიფიქროთ. ამისათვის კი პირველ საკუთარ პრაქტიკას უნდა გადავხედოთ. შეუძლებელია თანამედროვე მასწავლებელი სიახლეებზე არ იყოს ორიენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ,, ჩაქვრება“. მასწავლებელი ხომ ,,ცოდნის ლამპარი“-ა.

-რამდენად შეცვლილია ახალი თაობა? რა მოგწონს და რა არ მოგწონს მოსწავლეებში?

 -როგორც აღვნიშნე, ძალიან განვითარებული თაობა გვყავს. დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა მოსწავლლეებში ისეთი სიმძაფრით გამოხატული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. ინტერნეტმა მოსწავლეების ცნობიერება სრულიად შეცვალა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ, მათ დამოუკიდებელი სწავლების შესაძლებლობაც მისცა. სამწუხაროა, რომ  21-ე საუკუნის მოსწავლე ფაქტიურად მოწყდა წიგნს. სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ, რადგან, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიური სამყარო, მით უფრო კლებულობს წიგნისადმი ინტერესი. სხვა ინტერესები აქვთ უკვე ბავშვებს. ვიზუალური აღქმით მიღებულ შთაბეჭდილებას ანიჭებენ უპირატესობას. ინტერნეტი კი ამის საუკეთესო საშუალებაა.

-სამომავლოდ კიდევ რაიმე ახალი პროექტის განხორციელებას ხომ არ გეგმავ?

-რა თქმა უნდა ვგეგმავ. ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებ. ეს ჩემი სტილი არ არის. ძალიან მიხარია, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგობაზე არასდროს მიოცნებია, მაინც ვფიქრობ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. წინ დიდი გეგმები მაქვს.

-რას ეტყოდით დამწყებ პედაგოგებს?

-პირველ რიგში საკუთარ თავს ჰკითხონ,  არიან თუ არა მზად ესოდენ საპასუხისმგებლო საქმეს მოკიდონ ხელი. გერქვას მასწავლებელი ნიშნავს იყო: ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, შემოქმედი, ორგანიზატორი, დიპლომატი, მეგობარი, დედა,მამა და ა.შ. აუცილებელად უნდა უყვარდეთ  ბავშვები. მნიშვნელოვანია დააყენონ  მოსწავლის ინტერესები საკუთარზე მაღლა. საკლასო ოთახში უნდა დაივიწყონ პირადი ცხოვრება, პრობლემები, ტკივილები, რადგან მოსწავლეს ნაკლებად აინტერესებს რა, ან ვინ დგას მათ უკან. აუცილებლად უნდა იყვნენ პროფესიონალები, უნდა უყვარდეთ აღმზრდელობითი საქმიანობა და იყვნენ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულნი. მასწავლებლად მუსაობის ამ მცირე ხნის მანძილზე დავრწმუნდი იმაში, რომ პედაგოგი აუცილებლად უნდა იყოს შემოქმედებითი და მიზანსწრაფული.

საკმაოდ აქტიური ადამიანი ხარ-ასწავლი სკოლაში, ხარ ჟურნალისტი და მასწავლებლობის პარალელურად აგრძელებ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, სკოლაში ატარებ საღამოებს და კონცერტებს, სხვათაშორის თავად ამზადებ ბავშვებს სცენაზე გამოსასვლელად და მღერიხარ. როგორ ასწრებ ამდებს?

– უბრალოდ არ ვარ ზარმაცი. ადამიანი,  პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა გამოადგეს და მიზნის მისაღწევად უკან არასდროს დაიხიოს. ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ამიტომაც არ ვგრძნობ დროის დეფიციტს. ზოგჯერ მითქვამს კიდეც, ნეტავ დამღალა საქმით-თქო. ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა აგურს-აგური უნდა დავაშენო.  შესაბამის სიზარმაცის უფლება არ მაქვს. მინდა ყველაფერი მოვასწრო. ჰოროსკოპით ტყუპები ვარ და არასდროს ვაკეთებ მხოლოდ ერთ საქმეს. ყოველთვის რამდენიმე იდეის ხორცშესხმაზე ვფიქრობ.მახსოვს ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში 2 პროექტ-გაკვეთილი, ერთიც ინტეგრირებული და ერთიც კიდევ საახალაწლო კარნავალი ჩავატარე. ვფიქრობ, რომ მთავარი მაინც მონდომებაა.

-გაქვს რაიმე სათქმელი საზოგადოებისთვის?

-უბრალოდ საკუთარ თავს გამოადექით და ილაპარაკეთ იმდენი, რამდენიც ნამდვილად იცით. გიყვარდეთ ერთმანეთი და დათესეთ სიყვარული ყოველი ფეხის ნაბიჯზე.

-წარმატებებს გისურვებთ.

-დიდი მადლობა. თქვენც ასევე.