არსებობს ისტორია, რომელიც საზოგადოებისთვის იწერება და ისტორია, რომელზეც კულუარებში ლაპარაკობენ…

დეკანოზი სერაფიმე დანელია

სხვა ისტორია

ამბობენ, რომ ძირითადად ორი სახის ისტორია არსებობს. ისტორია, რომელიც საზოგადოებისთვის იწერება და ისტორია, რომელზეც კულუარებში ლაპარაკობენ.
როგორც ერთმა ადამიანმა აღნიშნა, საზოგადოდ მიღებული ისტორიის პარალელურად ყოველთვის იწერება ,,სხვა ისტორია,” რომელიც მხოლოდ მაშინ იხილავს დღის სინათლეს, თუკი მისი მოთხოვნილება და საჭიროება გაჩნდება საზოგადოებაში.
დიახ, თურმე სწორედ საზოგადოება კარნახობს ადამიანებს თუ რისი მოსმენა სურს მას და საჯაროდ რაზეც უნდა ილაპარაკონ!
ნამდვილი ისტორია თურმე სწორედ ,,სხვა ისტორია” ყოფილა თავისი შუქ-ჩრდილებით და ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როგორც საჩვენებლად გამოტანილი და საზოგადოდ ,,მიღებული” ისტორია…
თურმე ცვლილება-გადატრიალებებიც სწორედ ,,სხვა ისტორიის” მარჯვე დროს გამომზეურებით ყოფილა შესაძლებელი, – ანუ რაღაც მომენტში საიდანღაც გამოჩნდება ,,ზღაპრული გმირი”, რომელმაც ოდესღაც ლამაზად შეფუთული ისტორიით ,,მაღალ” საზოგადოებაში დაიმკვიდრა ადგილი და როგორც ყველას გააჩნია თავისი შავ-თეთრი შეფერილობის ,,სხვა ისტორია”, – უცებ იწყებს სამართლიანობის სახელით ,,სხვა ისტორიის” საჯაროზე გამომზეურებას და არსებულ სისტემურ დანაშაულთან (რომელსაც ნამდვილად აქვს ადგილი) ბრძოლას…
ხალხიც, როგორც წესი, ასეთ ქმედებას სიბნელისა და უსამართლოებისაგან განთავისუფლების საშუალებად აღიქვამს და ხშირ შემთხვევაში მის მხარეს დგება…
თუმცა, მომავალში აღმოაჩენს, რომ სამართლიანობის აღდგენის იმედი მხოლოდ მირაჟი იყო და რომ იგი ამ ჯერზეც მოტყუვდა…
რომ ისევ გრძელდება გაორებული ისტორია, გაორებული სიმართლე, გაორებული სინდისი…
მეტად პესიმისტური სურათია, მაგრამ რას იზამ, ღვთისა და სინდისის წინაშე მართალი ადამიანები ჩვენს საუკუნეში მაღალ ეშელონებში ან ვერ ხვდებიან , ან თუ ხვდებიან, დიდი ცვლილებების გამოწვევას მაინც ვერ ახერხებენ…
იმედად ისღა გვრჩება, რომ უფალი არ მოსულა საზოგადოებების გადასარჩენად და ერების საცხოვნებლად, უფალი ადამიანის გადასარჩენად მოვიდა და რომ ყველას გვაქვს შესაძლებლობა ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერი უსამართლობის ჟამს მის კვალობაზე ვძლიოთ ამ წუთისოფელს საკუთარ თავში და მართალი დავრჩეთ საკუთარ თავთან და ღმერთთან…
დაბოლოს, რა უნდა იყოს დღეს ჩვენთვის იმაზე უფრო სანუგეშო, ვიდრე უფლის ეს სიტყვები:
,,- ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა!”(იო.16.33)