“რუსთავი 2 არ არის ის, ვის გამოც ხელისუფლება საფრთხეშია“

უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ „რუსთავი 2 არ გამოირჩევა დემოკრატიულობით და ის არის ხელიდან ხელში გადასული ტელევიზია“

-„ძალიან დიდი უტიფრობაა იმ ხალხის მიერ, რომლებიც სულის ამოხდით იმუქრებოდნენ, ტელევიზიებს არბევდნენ, დღეს უნდათ, რომ რუსთავი 2-ის ყოფილი და ახლანდელი მფლობელის დავა გაასაღონ როგორც თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ბასტიონის დასამარება. ჯერ არავინ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მაგრამ არავის არ ავიწყდება, რომ რუსთავი 2 არ გამოირჩევა დემოკრატიულობით და ის არის ხელიდან ხელში გადასული ტელევიზია-ზოგჯერ წართმეული, ზოგჯერ მირთმეული, ზოგჯერ მითვისებული.

რასაც გადაწყვიტავს დიდი პალატა ისე უნდა იყოს, ახლა უნდათ ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე. მესმის, რომ ეს არის ტელეკომპანიის პირადი წუხილი და მასტან არის მიტმასნული ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა თავი დააფიქსიროს. დღეს და ვერც მომავალში ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს თავისუფალი სიტყვა დაასამაროს.

რუსთავი 2 არის პარტიული ტელევიზია, გადამეტებულად კრიტიკულიც, მაგრამ არ გვიშლის ხელს იმაში, რომ არჩევნები მოვიგოთ. ხელისუფლება არ ერევა ამ საქმეში, ასეთი რეზონანსი კი იმიტომ მიიღო, რომ საქმე ეხება ტელეკომპანიას.

დავუშვათ, სხვა ვერდიქტი გამოიტანა სასამართლომ, მაშინ რას იტყვან? რუსთავი 2 არ არის ის, ვის გამოც ხელისუფლება საფრთხეშია“

დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, არანაირი მღელვარება არ მოჰყვება და არც ხალხი აჰყვება „იქ შეკრებულ პარტიულ მუშაკებს და მიტმასნულ ხალხს“. მისივე თქმით, „არავის სჭირდება შოკოლადები და ტკბილი ტელევიზია, რადგან ბაზარზე არ გაიყიდება და არც არავინ უყურებს“.

-“დღეს ძალიან ადვილია და რეალური ნებისმიერმა თავისი ტელევიზია გახსნას”.