რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პროტესტი გაცილებით უფრო ლეგიტიმური იქნება

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი

ჩვენი საზოგადოება ბევრი რამის გამო არის გაყოფილ-გახლეჩილი და „რუსთავი-2“ -ს საქმე მორიგ წყალგამყოფად იქცა. ერთ მხარეს არიან „რ-2“-ს მხარდამჭერები, მეორე მხარეს ოპონენტები და მათ შუა, როგორც ყოველთვის ნეიტრალები და ე.წ. „შუაშისტები.“

შემოვაცალოთ „რ-2“-ს საქმეს შესაფუთი მასალა – „სიტყვის თავისუფლება,“ „მედია პლურალიზმი,“ „დემოკრატია,“ “მედიის დამოუკიდებლობა.“ ხელში შეგვრჩება „რ-2“-ს რეალური შიგთავსი თავის სააკაშვილით, გვარამიათი, გაბუნიათი, მოდელირებული რეპორტაჟებით და ა. შ. ამ შიგთავსს ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან, მედია პლურალიზმთან, მედია დამოუკიდებლობასთან და ზოგადად დემოკრატიასთან. ეს არაერთხელ დადასტურებულა და წესით ყველას უნდა ახსოვდეს.

გამოდის, „რ-2“ მხარდამჭერები მხარს უჭერენ იმას, რომ „რ-2“ დარჩეს მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ და იყოს მათი პოლიტიკის ერთ-ერთი ბერკეტი. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, მათ არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა გამოეყენებინათ ეს ბერკეტი – „რ-2“ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად და დიდი ალბათობით ექნებათ მომავალშიც, თუ „რ-2“ მათ დარჩებათ.

P.S. ოპონენტები რა თქმა უნდა მეტყვიან, რომ თუ „რ-2“ ახალი მფლობელის ხელში მოხვდა ის აღარ იქნება კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, დაირღვევა მედია პლურალიზმი და ა.შ. ჯერ ერთი, არავის შეუძლია ზუსტად თქვას თუ როგორი იქნება „რ-2“ ახალი მფლობელის და მენეჯმენტის ხელში. მეორე, თუ მართლაც მოხდა ის ცუდი რამ, რასაც პროგნოზირებენ, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პროტესტი გაცილებით უფრო ლეგიტიმური იქნება და სავარაუდოდ მეტი მომხრეც ეყოლება.