გაისად შესაძლოა ეტაპობრივი არდადეგების სისტემა დაინერგოს

8 მარტიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება, რაც წელს სიახლეა, თუმცა სიახლეები არდადეგების თაობაზე მომავალი წლიდანაც გველის, კერძოდ, მინისტრის განცხადებით, უნდა დაინერგოს ეტაპობრივი არდადეგების სისტემა. ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე დაიწყო სიახლის გაცნობა სკოლების დირექტორებისთვის.

-„ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობთ ეტაპობრივ არდადეგებზე და თქვენთან წინასწარ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს ნიშნავს რომ სხვადასხვა რეგიონს, სხვადასხვა სკოლებს სხვადასხვა დროს ჰქონდეთ ეს არდადეგები.  იმისთვის, რომ სეზონზე გადაფარვა არ მოხდეს, მაგალითად მაღალი ფასების გამო, ზოგჯერ ვერ მიეკარები ბაკურიანს და გუდაურს. ბევრ ქვეყანაში არდადეგები ასეა. შეიძლება ასე იყოს,  რომ მაგალითად კახეთს ერთ კვირაში ჰქონდეს არდადეგები, იმერეთს – მეორეში, სამეგრელოს -მესამეში და ა.შ. ამის მიზეზი ზუსტად ის არის, რომ ფაქტიურად ყველას ჰქონდეს საშუალება ამ პერიოდში დაისვენოს. ანუ ეს ინიციატივა კურორტების განვითარებისთვისაც კარგია და ჩვენთვის მთავარია, რომ კარგია ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობისთვისთვის“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ წელს საგაზაფხულო არდადეგები 8  მარტიდან 15  მარტამდე   განისაზღვრა.