8 მარტიდან მგზავრობა 10 თეთრით მხოლოდ მოკლე მანძილზე გაიზრდება

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს:

„თბილისის მიკროავტობუსმა“ მგზავრთა გადაყვანის სატარიფო პოლიტიკა ბაზარზე შემოსვლისას 2011 წლისთვის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ რეალობას მოარგო, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ მძიმე რყევები განიცადა, რაც აისახა ყველა იმ პროდუქტზე ფასის მატებით, რომელიც ესაჭიროება მგზავრთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას, კომპანიამ თითქმის ექვსი წლის განმავლობაში სატარიფო პოლიტიკა უცვლელი დატოვა.

„თბილისის მიკროავტობუსი“ მუდმივად ითვალისწინებს საკუთარი მომხმარებლების ინტერესებს, შესაბამისად იმისთვის, რომ კომპანიის მენეჯმენტმა უზრუნველყოს ბიზნესის გამართულად მუშაობა, გაუმჯობესდეს მგზავრთა გადაყვანის პირობები, მუდმივად გაგრძელდეს ავტოპარკის განახლება და დაცული იყოს კომპანიის ოთხიათასამდე თანამშრომლის შრომითი უფლებები, გადაწყდა მიკროავტობუსით მგზავრობის ძირითადი ტარიფი 0.80 ლარი იყოს შენარჩუნებული, ხოლო მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდეს მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს: 0.40 ლარი გაიზარდოს 0.10 ლარით და 2017 წლის 8 მარტიდან გახდეს 0.50 ლარი.