დეკანოზის სახლიდან ამოღებული სეიფი ცარიელი აღმოჩნდა

მთავარ პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საგამოძიებო ორგანოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული სეიფი გახსნეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ,  სეიფი ცარიელი იყო.

„გაიხსნა სეიფი და იქ არაფერი აღმოჩნდა. გამოძიებას შეიძლება ეჭვი ჰქონოდა, რომ რამე ყოფილიყო, ვინაიდან მამა გიორგი სეიფის გასაღებს, ე.წ. კოდს პროკურატურას არ აძლევდა. დღეს ჩვენი თანდასწრებით, სპეციალისტის საშუალებით გაიხსნა სეიფი, თუმცა იქ არაფერი აღმოჩნდა“, – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნას, გაუთქმელობის ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით პროკურატურამ არ დააკმაყოფილა.