საქართველოს ოკუპირებული რეგიონზე რუსეთი ყველანაირად ცდილობს გავლენის გაზრდას

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ წინადადების დამტკიცების ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ეხმიანება და სახიფათოს უწოდებს. მისივე თქმით,  საქართველოს ოკუპირებული რეგიონზე რუსეთი ყველანაირად ცდილობს გავლენის გაზრდას, გაძლიერებას და ამ მიზნით პერიოდულად დგამს შესაბამის ნაბიჯებს.

„რუსეთის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წინადადება, რომელც მოიცავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას, სხვა არაფერია თუ არა რეალურად გადადგას ნაბიჯები, რომ საქართველოს ამ ძირძველი კუთხის სამხედრო შენაერთები რუსულ სამხედრო ინტერესებთან გადააჯაჭვოს და ამით გაართულოს პროცესი და საქართველოს ტეტრიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ქართულ სახელმწიფოს სერიოზული დაბრკოლება შეუქმნას, მით უფრო ამ ფონზე, როცა დღემდე ქვეყნის ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან არ წყდება ტენდენცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეშლის, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღება მიექცეს მოძმე ოსებთან და აფხაზებთან სამოქალაქო ინტერგაციას, ადამიანური ურთიერთობების აღდგენას და გარკვეულ დაახლოებას როგორც კულტურული, ისე დამეგობრების კუთხით.

ჩვენთვის უმთავრესია ადამიანური ურთიერთობების აღდგენა, გარკვეული საერთო ინტერესების და შეხების წერტილების გააქტიურება, რადგანაც თუ არ მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ოსებთან და აფხაზებთან დაახლოება, ძალიან გაძნელდება სამომავლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პარალელურად არსებობდეს კომისია, რომელიც სწორედ კულტურული და მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით იმუშავებს და თან ძალიან აქტიურად შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად. ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ვფიქრობ, ამაზე დროულად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. რუსეთი საკუტარი ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს და სისრულეშიც მოყავს. ჩვენც შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, რათა მეტი ინტეგრაცია იყოს აფხაზებთან და ოსებთან, თუნდაც კულტურული კუთხით. ეს საშუალებები უნდა გამოვიყენოთ სამომავლო მიზნის მისაღწევად. ფაქტია, თუ ჯერ ადამიანები არ დავიბრუნეთ და საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრების სურვილი არ გავუჩინეთ, ისე ტერიტორიული მთლიანობის აღგენა, რაც ყველა ქართველის სურვილია, ძალიან გაჭირდება“- აცხადებს ნუკრი ქანთარია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალის მორიგ დემონსტრირებას ჩვენ მხოლოდ ის დადებითი ემოციური კავშირები უნდა დავუპირისპიროთ, რომელიც ქართველებსა და ოსებს, ქართველებს და აფხაზებს შორის არსებობდა და რომელიც ჯერ კიდევ შემორჩათ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებებს.