“რთულია, მაგრამ უნდა შეიქმნას ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული მესამე ცენტრი”

თამაზ მეჭიაური

“ზუსტად ვიცი, რა პოზიცია არ უნდა დავიკავო”

“სამწუხაროდ გამართლდა რასაც არჩევნებამდე ვამბობდი, რომ ვაშინგტონის მაშინდელი ხელისუფლება ელჩის მეშვეობით შეეცდებოდა მის მიერ მართული ორპოლუსიანი პარლამენტის შექმნას. ამას ფაქტობრივად მიაღწიეს, თუ არ ჩავთვლით პატრიოტთა ალიანსის მცირერიცხოვან წარმომადგენლობას. საბედნიეროდ, აშშ-ში ფსევდოლიბერალები დამარცხდნენ. შეიძლება ტრამპმა საქართველოსთვის დიდი ხანი ვერ მოიცალოს და ფსევდოლიბერალურმა ძალებმა , იან კელის დახმარებით, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას შეუწყონ ხელი.

ევროპაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებებია. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირზე უარი თქვა. არ გამოვრიცხავ, საფრანგეთის პრეზიდენტი ლეპენი გახდეს და საერთოდ, ევროპამ გადახედოს იმ ფსევდოლიბერალურ ფასეულობებს, რომლებიც მათაც უქმნის პრობლემებს და ჩვენნაირ ქვეყნებსაც. ამ მოცემულობაში ზუსტად ვიცი, რა პოზიცია არ უნდა დავიკავო – ფსევდოლიბერალური. სწორედ ამ ძალების გამო გაიზარდა ანტიამერიკული განწყობა საქართველოში, რაც ტრამპის მოსვლამ ერთგავრად შეაფერხა.

ჩემი აზრით, საქართველოში უნდა შეიქმნას ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული მესამე ცენტრი, რომელიც არ იქნება გარედან მართული, მათ შორის არც ჩრდილოეთიდან. რა თქმა უნდა, ეს რთულია, რადგან ფინანსური და მედიამხარდაჭერა არ ექნება, მით უფრო, რომ ფსევდოლიბერალური ძალების ზეგავლენითა და აშშ-ს ელჩის ძალისხმევით პარლამენტს მიღმა დავრჩით თითქმის ყველა, ვინც ნატო-ში შესვლის უპერსპექტივობასა და ეროვნული ფასეულობების დაცვაზე ღიად ვსაუბრობდით.”

წყარო: “ვერსია”