ბადრი ჯაფარიძე: კელი დეგნანის მოწოდებას ცალსახად ვეთანხმებით, რომ სახელმწიფო ინტერესები უნდა დავაყენოთ პარტიულზე მაღლა

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მოწოდება არის ის, რასაც ჩვენ ცალსახად ყოველთვის ვეთანხმებით, რომ სახელმწიფო ინტერესები უნდა დავაყენოთ პარტიულზე მაღლა, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„კელი დეგნანის განცხადება მისაღებია. რაც შეეხება NDI-ის კვლევას, მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგი, რა თქმა უნდა საზოგადოებას სურს რომ ყველა პარტია იყოს პარლამენტში, მაგრამ რა პირობებით და რა შემთხვევაში, ამ კუთხით, კვლევაში არ იყო დასმული კითხვა. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ ამომრჩეველთან და მათი დაკვეთაა პირდაპირ, რომ წერტილი დავუსვათ ისეთი ტიპის არჩევნების ჩატარებას, როგორიც ვნახეთ 31 ოქტომბერს. მათ დაკვეთას ვასრულებთ როდესაც ვართ ბოიკოტში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ამბობს, რომ მათი თვითმიზანი არაა მხარი დაუჭიროს არასაპარლამენტო რეალობას, თუმცა დღეს არსებული პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. „ჩვენ გვინდა ძლიერი პარლამენტის შექმნას დავუჭიროთ მხარი, დავუჭიროთ მხარი ისეთ პარლამენტს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას, იმიტომ რომ ასეთი პარლამენტი ვერ შეასრულებს ფუნქციას და ვერ გააერთიანებს საზოგადოებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას და პარლამენტში მუშაობის დაწყებას.