გურამ მაჭარაშვილი – არავის უკვირს შალვა ნათელაშვილის არასერიოზულობა, პოლიტიკური დამალობანას თამაში

მგონი, არავის უკვირს ამ ადამიანის არასერიოზულობა, შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი პარტნიორების, საზოგადოების, თავისი ამომრჩევლის მიმართ. მისი წამოწყებული პოლიტიკური დამალობანას თამაში – დილით შემოდის, საღამოს პარლამენტს კომკავშირის კომიტეტს ეძახის და ა.შ. სერიოზულად აღარავის მიაჩნია,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ნათელაშვილი, ,,სამართლებრივადაც და მორალურადაც, საქართველოს პარლამენტში, წესით, არ უნდა იყოს”.

,, რაც შეეხება შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას, კონსტიტუციითა და რეგლამენტით, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტს არასაპატიოდ გააცდენს, მას უფლებამოსილება უწყდება. ეს ადამიანები საერთოდ არ ყოფილან საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მათ მიმართ დადგა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რაც შეხება ბადრი ჯაფარიძეს, აქაც კონსტიტუცია და რეგლამენტი ამბობს, რომ თუ პარლამენტის წევრის მიმართ სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, ესეც უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. ეს სამრთლებრივი მხარეა, რაც შეეხება ე.წ. პოლიტიკურ ნიშნებს, სამართლებრივი მდგომარეობა ისეთია, რომ შალვა ნათელაშვილს ბოიკოტი არ დაუწერია, განსხვავებით “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციისგან, რომელთა წევრების მიმართაც მხოლოდ ამის გამო არ დადგა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ნათელაშვილს არც განცხადება დაუწერია და არც პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიუმართავს საჯაროდ. ასე რომ, დროა, ბატონმა შალვამ რეგლამენტი კარგად წაიკითხოს. მგონია, რომ მას მორალურადაც არ აქვს უფლება, საქართველოს პარლამენტში წარმოადგენდეს იმ საზოგადოებას, რომლის მიმართაც საუბრობს, რომ არ უნდა ჰქონდეთ უფლება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მან და მისმა პარტიამ 1% მიიღო ამ არჩევნებში. შესაბამისად, საზოგადოებას, ვისაც შეურაცხყოფას აყენებს, მხარი მისთვის რომ არ დაეჭირა, ვერ მოხვდებოდა საქართველოს პარლამენტში. ამიტომ არც სამართლებრივი მდგომარეობით, არც მორალურად, ბუნებრივია, იგი არ წარმოდგენს საზოგადოებას საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.