ზაზა ფირალიშვილი: ერთ უხერხულ თემას უნდა შევეხო…

F-news

ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი

ერთ უხერხულ თემას უნდა შევეხო. ქალაქში ათასობით მათხოვარია. ამდენ მათხოვარს ჩვენზე გაჭირვებულ ქვეყნებშიც კი ძნელად ნახავ. მითუმეტეს, ძნელი შესათავსებელია ათიათასობით მანქანა და მათხოვრები ყოველ ნაბიჯზე. ცხადია, მთავარი მიზეზი უმუშევრობა და ქვეყნის მესვეურთა გულგრილობაა.

აქ სხვა რამეს მინდა შევეხო. მათხოვრებს შორის ახალგაზრდების მომრავლება ადასტურებს, რომ ბევრისთვის ეს საქმე უკვე საგრძნობი შემოსავლის წყაროა და არა უკიდურესი გაჭირვების გამო გადადგმული ნაბიჯი. ზოგჯერ არჩვეულებრივ პროფესიონალებსაც წააწყდები. ორიოდეჯერ ვცადე, სამათხოვროდ გამოსული ახალგაზრდა ადამიანისათვის სამუშაო შემეთავაზებინა და პასუხად მზერაში ირონიული ნაპერწკალი მივიღე.

ბიზნესის თვალსაზრისით ისინი მართლებიც არიან: მათი დღიური შემოსავალი ჩემს მიერ შეთავაზებულს ბევრად აღემატება. არა მგონია, მეჩვენებოდეს: ჩვენს თვალწინ ხდება მათხოვრობის ფსიქოლოგიური ლეგალიზება. ბევრისთვის ის უკვე ეკონომიკური მოღვაწეობის იოლად დასაშვებ სფეროდ იქცა.
რაღაც აუცილებლად არის მოსაფიქრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად გარყვნილ და დაბეჩავებულ ათასეულებს მივიღებთ. გაჭირვებულის დახმარება ჩვენი ვალია, მაგრამ როდესაც გაჭირვებულის ნიღაბის გაკეთება და ხელის გაწვდენა ასეთი იოლი ხდება, ეს უკვე კარგს არაფერს მეტყველებს. უკიდურესად გაჭირვებულის სახელით არ უნდა სარგებლობდეს ის, ვისთვისაც მათხოვრობა შემოსავლიანი ბიზნესია.
გულახდილად რომ ვთქვა, თავადაც მიჭირს გარჩევა, როდის მაქვს საქმე გაჭირვებულთან და როდის – ბიზნესმენთან.