“ჯარიმის გადამხდელი არ ვარ და მითუმეტეს, ბოდიშის მომხდელი”

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ეკა ბესელიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

“სარჩელი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, სადაც ვითხოვდით განცხადებების ცილისწამებად და შეურაცხყოფად აღიარებას. ელისაშვილს დაევალა განცხადებების უარყოფა, იგივე ტელეეთერით, “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანის” ეთერით და მორალური ზიანის ანაზღაურება – 1 000 ლარის გადახდა. თანხა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდში გადაირიცხება” – განმარტა ადვოკატმა, გიგა კვერენჩხილაძემ.

ბესელია ელისაშვილისგან განცხადების უარყოფას, ბოდიშის მოხდას და მორალური ზიანისთვის 20 500 ლარის გადახდას ითხოვდა.

“ჯარიმის გადამხდელი არ ვარ და მითუმეტეს, ბოდიშის მომხდელი. მექრთამეების სასარგებლოდ ჯარიმას არ ვიხდი. არც მაქვს 20 ათასი და მითუმეტეს, ბესელიასთვის მისაცემი. ნიშანდობლივია, რომ ბესელიამ საკუთარი რეპუტაცია, პატივი და ღირსება 20 500 ლარად შეაფასა”, – ამბობდა ელისაშვილი.

შეგახსენებთ: შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, დეპუტატები ხშირად უკავშირდებოდნენ და პრეზიდენტთან რეკომენდაციის გაწევას სთხოვდნენ. ელისაშვილი აცხადებდა, რომ SMS-ებს წარმოადგენდა, რაც ვერ წარმოადგინა.