საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება

ე.წ. მოსმენების კანონპროეტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და ის პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის. გიორგი მარგველაშვილის თქმით, კანონპროექტში არის რიგი საკამათო საკითხები, თუმცა ძირითადად ორი ხარვეზი გამოიკვეთა.

„პირველი არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მეორე არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს,“ – განაცხადა მარგველაშვილმა. 

ქვეყნის მთავარსარდლის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია ეთანხმება და სრულად იზიარებენ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას.

„პრეზიდენტის ვეტომ ნათელი გახადა, რომ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციური პრინციპების უხეშ უგულებელყოფით კიდევ უფრო მეტად გაზარდა და განუსაზღვრელი გახადა სუს-ის შესაძლებლობა ჩაერიოს თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში,“ – აცხადებს მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე.

თავისუფალი დემოკრატები ფიქრობენ, ე.წ. მოსმენების კანონის დღევანდელი ვარიანტი ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყველა ადამიანის უკონტროლოდ მოსმენა და თვალთვალი შეუძლია.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ეჭვი არ ეპარებათ, რომ პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა უპრობლემოდ დაძლევს და ამ ქმედებით ისინი საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას გვერდს უვლიან.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მათ არაფრად ჩააგდეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დასცინეს იმით, რომ ანალოგიური კანონი მიიღეს და თქვეს, რომ თითქოს გათვალისწინებულ იქნა ის, რაც დაგვავალა საკონსტიტუციო სასამართლომ,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონის თაობაზე ისინი გეგმავენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

ვეტოს მხარს დაუჭერს “პატრიოტთა ალიანსიც. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა ჯერ კიდევ კანონპროექტზე ვეტოს დადებამდე განაცხადა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადებას აფასებს. ეკა ბესელიას განცხადებით, ის გიორგი მარგველაშვილისგან ამ გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა ახლა პარლამენტს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოუწევს.

„ახლა მოგვიწევს, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფ რეჟიმში მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ეწეროს იმ შენიშვნებში, დისკუსიის დროც კი არ დატოვა პრეზიდენტმა. რასაკვირველია, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და ქვეყანას არ დავტოვებთ და ჩვენს მოსახლეობას საფრთხეების წინაშე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება.