პრეზიდენტის გზავნილი ზურაბ პატარიძეს

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭო მხარს დაუჭერს. პრეზიდენტი ამბობს, რომ პატარაძისთვის მისი მთავარი გზავნილია აჭარაში ჩატარდეს უმაღლესი სტანდარტის არჩევნები.

მისივე თქმით, არჩილ ხაბაძის ვთანამდებობიდან წასვლა განპირობებული იყო ინტენსიური საარჩევნო კამპანიით. პრეზიდენტმა არჩილ ხაბაძეს აჭარაში წლების განმავლობაში გატარებული რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არჩილ ხაბაძემ გააკეთა პოლიტიკური განცხადება თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკური განცხადება განპირობებული იყო იმ ინტენსიური საარჩევნო კამპანიით, რომელშიც ბატონი არჩილი აპირებს ჩაბმას. გუშინ საღამოს მე, მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა მომმართეს შესაბამისი განცხადებით, რომელიც დავაკმაყოფილე და კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის გზით, აჭარაში დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია. დღეს დილას, მყისიერად ამ დანიშვნისთანავე, მე დავიწყე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან ხსენებული კანდიდატის – ზურაბ პატარაძის წარდგენასთან დაკავშირებით. ახლა უკვე შესაბამისი წარდგინება გადაგზავნილია აჭარის უმაღლეს საბჭოში. წარმოებული კონსულტაციების შედეგად, მე მაქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ კანდიდატურას, რომელიც არის გავლილი ფრაქციებთან და რომელიც წარდგენილ იქნა კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობა გადაყენებულია. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. მიმდინარეობს კონსულტაციები, იმის შესახებ, რომ უმაღლესმა საბჭომ აირჩიოს მთავრობის თავმჯდომარე. არჩილ ხაბაძის პოსტს კი, სწორედ ზურაბ პატარაძე დაიკავებს.

კომენტარის დატოვება