პრემიერი ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე ვეტოს არ იზიარებს

ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს და დღეს პლენარულ სხდომაზე ამ ვეტოს დაძლევას გეგმავს. უმრავლესობის აზრს იზიარებს საქართველოს პრემიერი და ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი იმ სახით უნდა იქნას გატანილი, როგორადაც პირველად პარლამენტმა მიიღო.

“ძალიან ყურადღებით იქნა განხილული ის შენიშვნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ განსაკუთრებული ცვლილება ამით ვერ მოხდებოდა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.